პუბლიკაციები
ადგილობრივი წარმოების სტიმულირების, ქართული პროდუქციის შექმნის, მისი ხარისხის უზრუნველყოფისა და წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების მიზნით, იწყება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“

adgilobrivi-anal-2-GEO-mtavსაქართველო, 20 მაისი. საქინფორმი. ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.
როგორც პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, საქართველოს აქვს პოტენციალი, თავად აწარმოოს პროდუქცია და იმპორტზე არ იყოს დამოკიდებული.
ჩვენი იდეა და გადაწყვეტილებაა, ყველა რეგიონში, შემდეგ კი ყველა რაიონსა და სოფელში აღვადგინოთ ქართული წარმოება და ხელი შევუწყოთ მის აღორძინებას. ეს მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებით შემოსავლებსა და ხალხის მატერიალურ კეთილდღეობას“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ხელს შეუწყობს ყველა მეწარმეს, რომელიც ახალი საწარმოს შექმნას გადაწყვეტს. მათ სიმბოლურ ფასად გადაეცემათ ამორტიზებული შენობა-ნაგებობები, მიეცემათ შეღავათიანი სესხები ძალიან დაბალი პროცენტით, ხოლო რეგიონები განსაკუთრებული პრივილეგიებით ისარგებლებენ.
პროგრამა ,,აწარმოე საქართველოშიუნდა გახდეს საბოლოოდ ქართული ბრენდი - ,,წარმოებულია საქართველოში“. ამ ნიშნით გამოშვებული ნაწარმი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და წარმატებით გაუწევს კონკურენციას უცხოურ პროდუქციას არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. შორს არ არის ის დრო, როდესაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შევა ევროპის ბაზარზე და წარწერა - ,,წარმოებულია საქართველოშისულ სხვა დატვირთვას შეიძენს. ჩვენი მიზანია, ავაღორძინოთ წარმოება საქართველოში და ამას აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“, 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება და მას ეკონომიკისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროები გაუწევენ კოორდინაციას.
პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარით განისაზღვრა, საიდანაც 30 მილიონი - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებას, ხოლო 16 მილიონი ინდუსტრიული პროდუქტის წარმოებას მოხმარდება. 

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე 

(სრული ტექსტი)

მოგესალმებით, ბატონებო!

ჩვენ ვიწყებთ  პროგრამას - ,,აწარმოე საქართველოში“. ეს არის სახელმწიფო პროგრამა და ემსახურება კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას, ქართული პროდუქციის შექმნას, მისი ხარისხის უზრუნველყოფას და წარმოებაზე ორიენტირებული  ინდუსტრიების განვითარებას.

მეგობრებო, ადგილობრივი წარმოების გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წინ ვერ წავა, და მთავრობას ძალიან კარგად ესმის ეს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი საწარმოების ამუშავებას და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის გაჩენას, ადამიანების დასაქმებას.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაპარაკი გვესმოდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე, წლების განმავლობაში ვერა და ვერ მოხერხდა  მცირე და საშუალო საწარმოების ქმედითი დახმარება, არ ხდებოდა მათი წახალისება და მხარდაჭერა. ამიტომაც, სრულიად ბუნებრივად, ბიზნესის ეს კატეგორია მსხვილ საწარმოებთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდა.

ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ფიქრი, როგორ უნდა შეგვეცვალა ეს ვითარება და რა ნაბიჯები იქნებოდა საჭირო, რომ ერთხელ და სამუდაოდ დაგვეძლია ეს პრობლემა, ამავე დროს ბიზნესმენებისთვის მიგვეცა სტიმული საქართველოში წარმოების, და  მათ შორის ტრადიციული წარმოების, განვითარებისა და აღორძინებისათვის.

ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი. საქართველოში არის იმის რესურსი, რომ ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ პროდუქცია და არ გვიწევდეს აბსოლუტურად ყველა პროდუქტის შემოტანა უცხო ქვეყნებიდან. არ არის დასამალი, რომ ხშირად შემოდის დაბალხარისხიანი, ან მეტიც, უხარისხო პროდუქტი. და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის განთქმული იყო, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, თუნდაც მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით. ჩვენი პროდუქციის წარმოებას უნდა შევუწყოთ ხელი, აი, ეს უნდა წავახალისოთ, და ძირითადად ამას გულისხმობს და ამას ემსახურება ჩვენი პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“.

ვიცი, რომ ბევრი ბიზნესმენი დღეს უცხოური პროდუქტის შემოტანით არის დაკავებული. სწორედ ასეთ ხალხს ვთავაზობთ, ნაცვლად იმპორტით დაკავებისა, თავად აწარმოონ საქართველოში, შექმნან საწარმოები და ისეთი პროდუქცია აწარმოონ, რომ პირიქით, თვითონ  შეძლონ ამ პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

მინდა გითხრათ, რომ ამ იდეის შესახებ ბევრს ვფიქრობდი. შემდეგ ინიციატივით მივმართე ეკონომიკის სამინისტროს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა რეგიონში, შემდეგ ყველა რაიონსა და ბოლოს ყველა სოფელში აღვადგინოთ  ქართული წარმოება და ხელი შევუწყოთ მის აღორძინებას. ეს არის ჩემი ოცნება და ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ამ პროექტებზე!

პროგრამის წარმატებით განხორციელება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოიტანს ხალხისთვის დამატებით შემოსავლებსა და  მატერიალურ კეთილდღეობას.

ამ პროგრამისთვის ჩვენ ჩავატარეთ წინასწარი სამუშოები -განვახორციელეთ სხვადასხვა კვლევა, გავაანალიზეთ მონაცემები,  შევისწავლეთ მეწარმეების მოსაზრებები. კვლევებში მონაწილეობას იღებდნენ  სხვადასხვა დარგის ექსპერტები. და მხოლოდ ამის შემდეგ  განვსაზღვრეთ  ამ პროგრამის მიმართულებები.

მიმართულებებზე უფრო დაწვრილებით ცოტა მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრი მოგვახსენებს. მაგრამ მაინც მინდა რამდენიმეზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ეს არის, პირველ რიგში, ლითონის მზა ნაწარამი, რეზინისა და პლასტმასის წარმოება,  კერამიკული ნაწარმი, ბუნებრივი ქვები - მარმარილო, გრანიტი და სხვა. ეს პროდუქცია ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენში მაღალი ხარისხით. გარდა ამისა, ყოველთვის ხარისხიანად ითვლებოდა ჩვენი  აბრეშუმი, შალი, ტყავის ნაწარმი. გვაქვს აგრეთვე ხის დამუშავების და ავეჯის წარმოების გამოცდილებაც. ასევე მინდა აღვნიშნო სოფლის მეურნეობაში სასათბურე მეურნეობა; ხილის, ციტრუსის გადამმუშავებელი საწარმოები და მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმები, მეფრინველეობის ფაბრიკები. ჩვენ ეს დარგები უნდა განვავითაროთ, უნდა ავაღორძინოთ.

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 46 მილიონი ლარით.  აქედან 30 მილიონი მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებას, ხოლო 16 მილიონი - ინდუსტრიული პროდუქტის წარმოებას. ეს ნადვილად არის ის თანხა, რომელიც მოგვცემს ამ პროგრამის განხორციელების  რეალურ საშუალებას.

პროგრამის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა მეწარმეს, რომელიც გადაწყვეტს ახალი საწარმოს შექმნას. პირველ რიგში დავეხმარებით და თითქმის უსასყიდლოდ - სიმბოლურ ფასად გადავცემთ ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს, მივცემთ შეღავათიან გრძელვადიან სესხებს ძალიან დაბალი პროცენტით, მათ ჩვენ დავეხმარებით შესაბამისი ტექნიკური საშუალებების მოძიებაში, შესყიდვაში, საწარმოების გამართვაში.

პროგრამა გათვლილია მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნაზე. ეს  იქნება  ეგრედ წოდებული  „სტარტაფი“ და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველას, ვინც ახალი საწარმოს დაფუძნებას გადაწყვეტს.

რა თქმა უნდა, პროგრამის პრიორიტეტი რეგიონებში წარმოების განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ამიტომ კიდევ უფრო შეღავათიანი პირობები დაუწესდებათ რეგიონებს.

ჩვენ მხოლოდ ამ ინსტრუმენტებით არ შემოვიფარგლებით. მუდმივად ვიქნებით მეწარმეებთან კავშირზე, გავიზიარებთ მათ მოსაზრებებს. საჭიროების შემთხვევაში, მოხდება საკანონმდებლო რეგულაციების თუ სხვადასხვა მიმართულებების გადახედვა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სამეწარმეო გარემო.

ჩვენ ასევე მუდმივად შევიმუშავებთ სხვადასხვა ინსტრუმენტს და მექანიზმს, რათა ხელი შევუწყოთ მეწარმეებს საწარმოების გადაირაღების, მათი პროდუქტიულობის გაზრდის და მრავალი სხვა კუთხითაც.

პროგრამას კოორდინაციას გაუწევენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეუნეობის  სამინისტროები. პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართული იქნებიან აგრეთვე მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქონების მართვის სააგენტო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას და მივიღოთ უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქცია. პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ უნდა გახდეს  საბოლოოდ  ქართული ბრენდი  - ,,წარმოებულია საქართველოში“. ამ ნიშნით გამოშვებული ნაწარმი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და წარმატებით გაუწევს კონკურენციას უცხოურ პროდუქციას არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ჩვენ უნდა წარვსდგეთ მსოფლიოს წინაშე ჩვენი შესაძლებლობებით. ამიტომაც, ჩვენი მიზანია, ასევე რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენმა მეწარმეებმა მოახდინონ საკუთარი ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი სამრეწველო პოტენციალის რეალიზება, ჩვენი რესურსების გამოყენება და, მერწმუნეთ, საქართველოს ნადვილად აქვს ამის შესაძლებლობა.

სულ რამდენიმე კვირაში ჩვენ ხელს მოვაწერთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რომლის ფორმირება ეტაპობრივად გაუხსნის გზას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. ეს იქნება დამატებითი სტიმული ჩვენი ბიზნესმენებისთვის, მეწარმეებისთვის. შორს არ არის ის დრო, როდესაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შევა ევროპის ბაზარზე და წარწერა - ,,წარმოებულია საქართველოში“ სულ სხვა დატვირთვას შეიძენს. საქართველოში ნაწარმოები საქონლის დიდი ნაწილი ევროკავშირის ბაზარზე ტარიფებისა და კვოტების გარეშე შევა, რაც სტიმულს მისცემს ჩვენს მეწარმეებს განავითარონ წარმოება, განსაკუთრებით პრიორიტეტულ დარგებში, სულ უფრო ხარისხიანი პროდუქცია გამოუშვან და დაამკვიდრონ ევროპული სტანდატრტები ქართულ წარმოებაში.

დრო აღარ ითმენს, ჩვენ უნდა დავიწყოთ და ავაღორძინოთ წარმოება საქართველოში, და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ.

ეს პროგრამა 1 ივნისიდან დაიწყებს მოქმედებას. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ პირს, ჩაერთონ ამ პროგრამაში, ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს და გვერდში დავუდგებით ყველას, ვინც ამ, მე ვიტყოდი, პატრიოტულ ინიციატივას გამოეხმაურება და მიიღებს მასში მონაწილეობას.

წარმატებებს გისურვებთ ყველას.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი

adgilobrivi-anal-2-GEO-qvem