საზოგადოება
მთავრობა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემირების ერთიან წესს შეიმუშავებს
pravilo-sazogad-3საქართველო, 20 მაისი. საქინფორმი. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელიც მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ გამართეს. „ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც მოაწესრიგებს საჯარო მოხელეების და თანამდებობის პირების ხელფასების და დანამატების თუ პრემიების საკითხს. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე სისტემა, რომ ჩვენი ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვა. სისტემა უნდა იყოს სტანდარტიზებული, თუმცა ითვალისწინებდეს განსაკუთრებით მძიმე და დიდ რისკთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციფიკურობას. ვიცი, რომ ამ საკითხზე უკვე დაწყებულია მუშაობა და პირველი ეტაპი უკვე წარმატებით გავლილია. ამიტომ, ეს პროცესი უმოკლეს ვადებში უნდა დავასრულოთ", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, მისმა მოადგილემ ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სტრუქტურა არაუგვიანეს 30 ივნისისა უნდა წარადგინონ.