პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

zayav-premiera-politსაქართველო, 19 მაისი, საქინფორმი.
დარიალის ხეობაში მესამე დღეა ვებრძვით სტიქიას. სტიქიის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაკარგულად ითვლება - შვიდი. მიუხედვად იმისა, რომ სამაშველო სამსახურებმა დროული დახმარება აღმოუჩინეს უკრაინის მოქალაქეს და ვერტმფრენით სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა უკრაინელი მოქალაქის გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს.

ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი. ჩვენი სამსახურები თავდაუზოგავად შრომობენ და განაგრძობენ სამაშველო და ყველა სხვა აუცილებელ ოპერაციას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სტიქიის განმეორების საფრთხე. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით მინდა  განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ!

ასევე, მადლობას ვუხდით რუსეთის მხარეს ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით დახმარების შემოთავაზებისთვის.  შექმნილ რთულ ვითარებაში მათ ოპერატიულად გამოხატეს მზადყოფნა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ვითარება, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე, ვინც ამ დახმარებას საჭიროებს.

ირაკლი ღარიბაშვილი