აქტუალური
რა ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ვინ არიან ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნები

darbaiseliსაქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალმა თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა ბოლო ხანებში ქართული მედიის ყურადღება მიიპყრო. „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტები დარბაისელის საკადრო პოლიტიკას აკრიტიკებენ. ლაპარაკია „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში შსს-ში მაღალ თანამდებობებზე მომუშავე პირების დაწინაურებაზე და მათთვის ასტრონომიული პრემიების გაცემაზე.

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტექნიკის დაზიანებაში ბრალდებული გიორგი ყავლაშვილი დარბაისელმა ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოსმენების სამსახურს კურირებს. არადა, ცოტა ხნის წინ ყავლაშვილს ბრალი წაუყენეს სსს კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების  განადგურებას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მასვე ბრალი წარედგინა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.  გიორგი ყავლაშვილს დაჭრაში ადანაშაულებს ტელეკომპანია „ობიექტივის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა გობეჩია, რომელიც აცხადებს, რომ ყავლაშვილმა ის სახის არეში დანით დაჭრა.

ცნობილი გახდა იმის შესახებაც, თუ როგორ აარიდა თავი ყავლაშვილმა მართლმსაჯულებას. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პროკურორს უფლება აქვს, არ დაიწყოს და შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა პირის მიმართ. განრიდებაში ყავლაშვილს დახმარება პროკურორმა თამარ მესაბიშვილმა გაუწია, რომელიც, თავის მხრივ, დიმიტრი დარბაისელის კადრისა და პირველი მოადგილის სიმონ მაჩაიძის მეუღლეა.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი დარბაისელის მიერ პრემირებულ პირებს შორის ყავლაშვილი და მაჩაიძეც არიან. პირველ მათგანს პრემიის სახით - 17 125, ხოლო მეორეს 38 733 ლარი ერგო.

ინფორმაციას  Opinon.ge ავრცელებს.