საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. გუშინ, დახურულ სხდომაზე, სასამართლომ შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე გელა ხვედელიძეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პროცესზე ხვედელიძემ ბრალი აღიარა. ამასთან, უწყება საქალაქო სასამართლოს განაჩენს მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გელა ხვედელიძეც აპირებს. ადვოკატმა ემზარ ბაქრაძემ არ უარყო პროკურატურის ინფორმაცია, რომ ხვედელიძე წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, თუმცა არც დაადასტურა.შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით გასული წლის მაისში წაუყენეს. ბრალდება სამსახურებრივი მოვალეობის გამოყენებით პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს.
მინისტრის პირველი მოადგილე 2013 წლის 12 მაისს დააკავეს, 15 მაისს კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თავდაპირველად გელა ხვედელიძე წარდგენილ ბრალდებას ეთანხმებოდა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალა.