სამართალი
ეკა ბესელია ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ

cixe-wamebaსაზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ დამფუძნებელი ეკა ბესელია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის - ხათუნა კალმახელიძის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. „საპატიმროებში პატიმართა მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა გრძელდება; მსჯავრდებულებს დროული სამედიცინო დახმარება არ უტარდებათ, რის გამოც მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ოფიციალური მონაცემებით, 34 პატიმარი გარდაიცვალა, მათგან 22 – ტუბერკულოზით“, - განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, მისივე თქმით, „არ ჩატარებულა ობიექტური გამოძიება №8 საპყრობილეში პატიმარ წიკლაურის, ასევე, ქსნის საპყრობილეში 19 აგვისტოს პატიმრების მასობრივი ცემის ფაქტებზე; არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია პატიმრების თემურ ტოპოლოღლისა და იოსებ თადიაშვილის გარდაცვალების მიზეზების შესახებ“.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის შეფასებით კი „საქართველოში არსებული პენიტენციალური სისტემა პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესოა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისთვისაც კი მისაბაძია.”
„საქართველოს საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა 80 პროცენტი დასავლური დონის პირობებში იმყოფება, თუმცა ქვეყანაში მაქსიმუმ სამ წელიწადში სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება ევროპული დონის იქნება“, - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა დღეს გამართულ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე.