სამართალი
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის აპრილამდე თბილისში, ბანკ „რესპუბლიკას“ სხვადასხვა ფილიალს სამომხმარებლო სესხების მიღებისთვის განაცხადებით ინდივიდუალურად მიმართეს. მათ სესხისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინეს სხვადასხვა კომპანიის სახელით დამზადებული ყალბი სამსახურებრივი ცნობები მათ მიერ დაკავებული თანამდებობისა და ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ. ასევე წარმოადგინეს ყალბი საბანკო ამონაწერები სახელფასო ანგარიშების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ბანკ „რესპუბლიკას“ და დაკავებულებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც გაცემული კრედიტების სახით ბანკ „რესპუბლიკასთვის“ მიყენებულმა ზარალმა ჯამში 99 900 ლარი შეადგინა.
გამოძიება კრედიტის უკანონოდ მიღების და მიღებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.