პოლიტიკა
საქართველოს დღეს ფრანსუა ოლანდი ეწვევა

oland-pol-1საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ერთდღიანი ვიზიტით ეწვევა. საფრანგეთის პრეზიდენტს თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება. დაგეგმილია მათი მონაწილეობა საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმის დახურვაში.
შემდგომ საფრანგეთის პრეზიდენტს მისი ქართველი კოლეგა გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. პრეზიდენტის სასახლეში ფრანსუა ოლანდის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

„საფრანგეთის პრეზიდენტის სტუმრობა არის განსაკუთრებული მოვლენა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიაში. შეხვედრებზე საუბარი შეეხება ევროკავშირსა და ნატოს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, რადგან ჩვენ გამოვაცხადეთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამშვიდობო ოპერაციაში, რომელშიც წამყვანი სწორედ საფრანგეთია", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ
ფრანსუა ოლანდი თბილისს დღესვე, 21:45 ზე დატოვებს.