საზოგადოება
საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ მიმდინარე წლის 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, ქვეყანაში ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკურ ძალად “ქართული ოცნება” რჩება, “ნაციონალურ მოძრაობას” კი გამოკითხულთა ნახევარი ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად მიიჩნევს. გამოკითხულთა 85%-ის აზრით, ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი ან მნიშვნელოვანია. კვლევის თანახმად, პოტენციური ამომრჩევლების 48%-მა განაცხადა, რომ ისინი მმართველ კოალიციას, “ქართულ ოცნებას” მისცემენ ხმას, შემდეგ კი მოდის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 12%–ით.
19%–ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, 8%–მა პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო 3%–მა განაცხადა, რომ ისინი არც ერთ პარტიას არ მისცემენ ხმას. საზოგადოებრივი აზრის კვლევისას, რომელიც აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა 3942 შემთხვევით შერჩეული მოქალაქე.