სამართალი
პროკურატურა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიებას გააგრძელებს

sam-2-prokuratსაქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, 2014 წლის 9 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ იქნა საჯარო განცხადება, სადაც იგი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ გაასაჯაროებდა მოქმედ მაღალჩინოსანთა პირადი საუბრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფიდან დაიქვემდებარა სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღევის ფაქტზე და მასზე გამოძიებას პროკურატურა აქტიურად გააგრძელებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2010-2011 წლებში ადგილი ჰქონდა  ფარული ხარჯებით, არაოფიციალურად, ფარული მოსმენა-მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური, პორტატული აპარატურის უკანონო შეძენას, რომელსაც ისინი იყენებდნენ კერძო საუბრების ჩასაწერად მათი კომპრომატების სახით გამოყენების მიზნით.

ასევე დგინდება, რომ უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია.

არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობს ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები. საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ, რომ გამოძიება მუშაობს ხსენებული ტექნიკის დაძებნის და ამ დანაშაულში ჩართული პირების დადგენის მიზნით, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი.

აქვე მოგახსენებთ, რომ პირადი საუბრების ჩანაწერის, მათ შორის ტექნიკური საშუალებით მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერის უკანონო გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, მასმედიის საშუალებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს.