აქტუალური
საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. ხელმოწერილი დოკუმენტი “საკანონმდებლო მაცნეში” უკვე გამოქვეყნდა და, შესაბამისად, ძალაში შევიდა.
“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 2 მაისს დაამტკიცა. ანტიდისკრიმინაციული კანონი 104 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს.
"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის საფუძველზე იკრძალება ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია და სხვ.კანონი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კანონმდებლები უკანონობის დაკანონებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ანტიდისკრიმინაციულ კანონს არცერთი მორწმუნე არ მიიღებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში შესულ ვარიანტს არაეფექტიანს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ იმ პროექტიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავეს, ბევრი მუხლია ამოღებული.