აქტუალური
ირაკლი ალასანია: „ამერიკის კონგრესმენები და სენატორები მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას“

akt-2საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრები გამართა სენატორებთან და კონგრესმენებთან.

აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის  წევრებთან, სენატორებთან ჯონ მაკკეინთან და ჯეიმს ინჰოფთან შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ასევე დაზვერვის კომიტეტის წარმომადგენელთან, კონგრესმენ მაიკლ როჯერსთან, შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების კომიტეტების წევრებთან, კონგრესმენებთან მაიკ ტერნერთან და მაიკ მაკკოლთან.

შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების, რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველო-აშშ-ს არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები.

„ამერიკის კონგრესმენები და სენატორები მხარს უჭერენ საქართველოს, როგორც მის ევროატლანტიკურ სწრაფვას და გაწევრიანებას ნატოში, ასევე, ქვეყნისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას. ისინი თვლიან, რომ საქართველო არის საიმედო, გამოცდილი პარტნიორი, ასევე, პარტნიორი დემოკრატიის გავრცელების კუთხით ჩვენს რეგიონში. აქედან გამომდინარე, როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ამ ორი საკითხის გადაწყვეტაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.