პუბლიკაციები
კურსკში ფაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინისა და ბელორუსიის გათავისუფლების 70 წელი აღნიშნეს

analit-2-GEOსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. 2014 წლის 29 აპრილს რუსეთის ქალაქ კურსკში ფაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინისა და ბელორუსიის გათავისუფლების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ისტორიულ-კულტურული ფორუმი გაიმართა. მასშტაბურ ღონისძიებას ესწრებოდნენ ომში მონაწილე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამუსული ვეტერანები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, ისტორიკოსები, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს 70 წლის წინ ბელორუსიისა და უკრაინის გამარჯვება და ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ფორუმში მონაწილეობდა ქართული დელეგაციაც, მას რუსეთში მოღვაწე ქართველი პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია ხელმძღვანელობდა. ქართველი ვეტერანები ომში დაღუპული მეომრებისთვის პატივის მისაგებად კურსკში საგანგებოდ ჩავიდნენ.

«ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება»

მეოთხე საერთაშორისო ისტორიულ-კულტურულ ფორუმს, სახელწოდებით «ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება. ფაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინისა და ბელორუსიის გათავისუფლების 70 წლისთავი», ამჯერად კურსკმა უმასპინძლა. ფორუმის ორგანიზატორები გახლდნენ პოლიტოლოგიური ცენტრი «ჩრდილოეთი-სამხრეთი» და არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარების ფონდი «ევრაზიული კვლევების ცენტრი», ხოლო ღონისძიების სპონსორები _ სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური უნივერსიტეტი, ა. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი და კომპანია «ტეპლოკომი». აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი ღონისძიება ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში ჩატარდა, რომელიც კურსკში დასკვნითი შეხვედრით დასრულდა.

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ყველა ქვეყნის დელეგატებმა ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ფაშისტი დამპყრობლების წინააღმდეგ გამოჩენილი მათი გმირობა. ღონისძიების მონაწილეებმა ალექსანდრე პუშკინის სახელობის კურსკის დრამატული თეატრის სცენაზე ფაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინისა და ბელორუსიის გათავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გულისტკივილი გამოთქვეს, რომ დღეს ზოგიერთი შეგნებულად, ისტორიის არასწორი ინტერპრეტაციის გამო, იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც სიცოცხლე არ დაიშურეს, ეჭვქვეშ აყენებს.

პლენარული სხდომა საერთაშორისო კავშირის _ «ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამეგობრობის» საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს, ადმირალ ალექსეი სოროკინს მიჰყავდა. სხდომა შესავალი სიტყვით არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარების ფონდის «ევრაზიული კვლევების ცენტრის» პრეზიდენტმა ვალერი ტურსუნოვმა გახსნა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონული და კულტურული კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩერნოვმა დამსწრე საზოგადოებას რუსეთის პრეზიდენტის გზავნილიც გააცნო.

მონაწილეები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ უკრაინელი ხალხი 70 წლის წინ ფაშიზმის წინააღმდეგ იმიტომ არ იბრძოდა, ეს ყველაფერი 21-ე საუკუნეში ისევ განმეორებულიყოო.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჭაჭია:

- 70 წლის წინათ მთელი კაციობრიობა იმედითა და აღფრთოვანებით ადევნებდა თვალს წითელი არმიის სამხედრო ოპერაციებსა და თავისი მასშტაბებით განუზომელ გმირობას, რომელმაც დასაბამი დაუდო ფაშისტური ნაციზმისგან ევროპისა და მთელი მსოფლიოს გამარჯვებას. საგულისხმოა, რომ, თუ გასული საუკუნის 20-30-იან წლებში ევროპასა და ამერიკაში საბჭოთა კავშირს, როგორც მსოფლიო ბოროტებას, ისე წარმოაჩენდნენ, სულ რაღაც რამდენიმე წლის შემდეგ ფაშისტური გერმანიის მოქმედება საკმარისი აღმოჩნდა საბჭოეთისა და მისი არმიის, როგორც ერთადერთი ძალის რეაბილიტაციისთვის, რომელმაც შეძლო, მსოფლიოს ხალხებისთვის თავისუფლებისა და ცხოვრების უფლება დაებრუნებინა.

თუ რის ფასად შეძლეს ჩვენმა ხალხებმა ამ მისიის შესრულება, კურსკელებმა კარგად იციან. ზუსტად კურსკის ბრძოლა გახდა ის საფუძველი, რომლიდანაც დაიწყო ჩვენი სამშობლოსა და ასევე ევროპის გათავისუფლება.

70 წელი გავიდა, ეს უკვე დიდი დროა, დღეს უკვე ომის შემდგომი მესამე, მეოთხე თაობები ფორმირდებიან და სწორედ ამ თაობის წარმომადგენლებს მოუწევთ, აირჩიონ ჩვენი შემდგომი განვითარების გზა _ როგორი იქნება ეს გზა, პატრიოტიზმის, შრომის, სამართლიანობის, როგორც ეს იყო სამამულო ომის წლებში, თუ ეს გზა იქნება უპატიოსნობის, გამყიდველობის, მონობის, მათი ასარჩევია. 25 წელიწადია, ჩვენი წინაპრების ამ მიღწევებს ამცირებდნენ, ტალახს ესროდნენ; ტელევიზია, რადიო, პრესა, მხატვრული ლიტერატურა, კინოფილმები თუ სპექტაკლები, ყველაფერი მიმართული იყო იქით, რომ გაეცამტვერებინათ და შეელახათ ამ დიადი გამარჯვების ხსოვნა და წარსულისადმი ზიზღი და სიძულვილი დაეთესათ. აღმოეფხვრათ ისეთი ცნებები, როგორიცაა პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, პატივისცემა წინაპრების ხსოვნისა, ხოლო მათ ნაცვლად დაენერგათ ლიბერალიზმი, გლობალიზაცია, ეს გახდა ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყნის ლამის ოფიციალური იდეოლოგია.

საქართველოში არსებობს ოკუპაციის მუზეუმი, მაგრამ არა ფაშისტური ოკუპაციის, არამედ საბჭოთა ოკუპაციის, ხოლო გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი აკრძალულია. ქართველები სტალინის ძეგლებისა და დიდი სამამულო ომის მემორიალის დემონტაჟს ახორციელებენ, როცა ამ ომში 600 ათასი ქართველი იბრძოდა და მათგან 300 ათასი დაიღუპა. წიგნებსა თუ ოფიციალური პროპაგანდის საშუალებებში რუსეთი მტერია, ხოლო ევროპა და ამერიკა _ ისტორული მეგობრები.

რადგან პატარა ქვეყნებს არ აქვთ საკმარისი რესურსი, წინ აღუდგნენ მძლავრ ინფორმაციულ ზეწოლას, თუ რუსეთი არ დაიცავს ამ ისტორიას, მომავალ თაობებს არც კი ეცოდინებათ ამ დიდი გამარჯვების შესახებ. ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ: თუ ჩვენს ისტორიას ინსინუაციებისა და სიცრუისგან არ გავწმენდთ, ჩვენს ქვეყნებს მომავალი არ ექნებათ. ევროპული ფაშიზმი, რომელიც 70 წლის წინ იყო, ბოლომდე ჯერაც არ განადგურებულა. დღეს საზოგადოებაში ის სხვა სახით და სხვა ლოზუნგებით აღმოცენდა, რათა გაანადგუროს და დაიმორჩილოს ევრაზიული ქვეყნები, რომელთა დამორჩილებაც 70 წლის წინათ არ გამოუვიდა. ვინც შეეცდება თავისი ნაციონალური იერსახის, ტრადიციების შენარჩუნებას, წნეხის ქვეშ მოაქცევენ და ეს ყველაფერი თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების სახელით გაკეთდება. თავისუფლება ეს მათი ყველაზე საყვარელი სიტყვაა. ისინი მზად არიან, თავისუფლებისთვის მთელი ერები გაანადგურონ. თუმცა მიიჩნევენ რა საკუთარ თავს თავისუფლებისმოყვარედ, ევროპელებს ავიწყდებათ, რომ ჰიტლერს სულ რაღაც რამდენიმე თვე დასჭირდა, ამ თავისუფლებისმოყვარე ევროპის დასაჩოქებლად. თავისუფალია ხალხი, რომელიც მზად არის, იცხოვროს თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის და არ იქცეს ვინმეს მონად! დღეს ვინ ვის ასწავლის თავისუფლებას, როდესაც საბჭოთა ხალხებმა, უამრავი სიცოცხლის ფასად, არაადამიანური ძალისხმევის შედეგად, თავისი თავისუფლებაც დაიცვეს და ევროპელებსაც აჩუქეს თავისუფლება?!

ტარიელ გაგნიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობის» ხელმძღვანელი:

- 1941 წელს, როცა დიდი სამამულო ომი დაიწყო, არსებობდა ასეთი სახელმწიფო _ საბჭოთა კავშირი, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ჩვენც ვიყავით. საყოველთაოდაა ცნობილი ფაშისტური გერმანიის გეგმა, სახელწოდებით «ოსტ», რომლის მიხედვითაც, ის უნდა დაპატრონებოდა საბჭოთა კავშირის ბუნებრივ რესურსებს, ხალხთა დიდი ნაწილი კი და მათ შორის _ ქართველებიც, უნდა გაენადგურებინა, ხოლო ვინც გადარჩებოდა, მონებად უნდა ემუშავებინა «ათასწლოვანი რეიხის» დიდების შესაქმნელად. სწორედ ამ გეგმის განსახორციელებლად წამოიწყო ჰიტლერმა ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას იმ ომის არსი, რომელში გამარჯვებაშიც ქართველებმაც შევიტანეთ ღირსეული წვლილი.

ჩვენ, ქართველებმა, საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან ერთად, ქართველი უმაღლესი მხედართმთავრის, იოსებ სტალინის მეთაურობით გავიმარჯვეთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ ომში. თანაც, გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე ქართველმა აღმართა. ქართველებს გვჩვევია სიამაყით თავის მოწონება მრავალი მოგებული ომით და გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს გამარჯვება ჩვენს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფურცელია, რომელსაც ყველა თაობა პატივისცემით უნდა ეკიდებოდეს. კურსკში გამართული ღონისძიება მიძღვნილია ამ ომში უკრაინისა და ბელორუსიის გათავისუფლების 70 წლისთავისადმი და ამ ღონისძიებაში საქართველოს დელეგაციაც ვმონაწილეობთ. მსგავსი ღონისძიებები წინა წლებშიც ტარდებოდა და, ადრეც და ახლაც, საქართველოს წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებით ყურადღებიანი და გულწრფელი პატივისცემა იგრძნობა.

ჩვენს მონაწილეობას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს - საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს არსებული რთული ურთიერთობის ფონზე, საჭიროა, რუსეთში დაინახონ, რომ საქართველო და ქართველები არ არიან მხოლოდ სახელისუფლო პერსონები, გინდ ყოფილი ხელისუფლებისა და გინდ დღევანდელის. თავად ბრძანდებოდით მოწმე, ალექსანდრე ჭაჭიას 10-წუთიანი გამოსვლა ზუსტად ათჯერ გააწყვეტინეს ტაშით, არ ვაჭარბებ, ზუსტად ათჯერ. მისნაირ პოლიტიკოსაა და მოაზროვნეს დღევანდელ საქართველოში ვერ დამისახელებთ.

ალექსანდრე მიხაილოვი, კურსკის ოლქის გუბერნატორი:

- მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ღონისძიებების ჩატარება უაღრესად აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რათა ახალგაზრდებს ახსოვდეთ ის ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს გადასარჩენად სიცოცხლე არ დაიშურეს. ახსოვდეთ საკუთარი ისტორია, რათა მომავალში ყველაფერი გააკეთონ მშვიდობის შესანარჩუნებლად. კურსკის რეგიონს უამრავი გმირობა ახსოვს და დღეს ამ მიწაზე ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომელთა მამები, ბაბუები, იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ. ზოგიერთი აქ მყოფი, თავადაც იბრძოდა სამშობლოს გადასარჩენად.

ისტორია დღესაც მეორდება _ კვლავ ცდილობენ, თავს მოგვახვიონ მცდარი შეხედულებები. კაცობრიობა არჩევანის წინაშე დგას _ ან მიიღოს თავსმოხვეული . . დასავლური ფასეულობები და უარი თქვას უფლებაზე, თავად განაგოს საკუთარი ბედი, უარი თქვას წინაპრების ხსნოვნაზე ან დაიცვას თავისი ღირსება. 70 წლის წინათ ეს ხალხები საბჭოთა კავშირის გარშემო გაერთიანდნენ აბსოლუტურ მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ და დღესაც, ვისაც სურს თავისუფლების შენარჩუნება, რუსეთის გარშემო უნდა გაერთიანდეს მსოფლიო ბოროტებასთან საბრძოლველად. ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი გაერთიანების მყარი საფუძველი _ ეს არის დიდ სამამულო ომში ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება.

ალექსეი ვლასოვი, პოლიტოლოგიური ცენტრის, «ჩრდილოეთი-სამხრეთის» აღმასრულებელი დირექტორი:

- როდესაც საუბრობენ დიდ სამამულო ომში გამარჯვებაზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სახეზეა რამდენიმე ტენდენცია, პირველი: ისტორიის ცოდნისა და ჟურნალისტიკის პროფესიონალიზმის სიმწირე, რომელსაც მივყავართ ამ დიადი გამარჯვების ისტორიის ფალსიფიკაციამდე. ამიტომ აუცილებელია პროფესიონალი ისტორიკოსების, ჟურნალისტების დისკუსიები. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ასეთი ფორუმებისა და ღონისძიებების გამართვა. სწორედ ასეთ სიტუაციაში, როდესაც მიმდინარეობს ამ დიადი გამარჯვების დამახინჯების მცდელობა, ჩვენ ჩვენი საერთო გამარჯვების დასაცავად უნდა ვიყოთ ორინეტირებულები.

ირაკლი უბილავა, «გლობალიზაციის ცენტრის» წარმომაგდენელი:

- ბოლო წლებში საქართველოში მეორე მსოფლიო ომის შედეგების გაუფასურების ტენდენცია დამკვიდრდა, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ, იმ დროს საბჭოთა კავშირი, რომელიც თავდაცვით ომს აწარმოებდა, რომ დამარცხებულიყო, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ის ერები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ. თუ გავითვალისწინებთ იმ იდეოლოგიას, რომელსაც იმხანად ნაციონალ-სოციალისტური გერმანია ავითარებდა, ადვილი მისახვედრია, რომ ამ ადამიანებს, სულ მცირე, მონობა და, ყველაზე დიდი, სრული განადგურება ელოდათ. აქედან გამომდინარე, ამ დღესასწაულს, 9 მაისს, არამხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები ადამიანებისთვის, არამედ კაცობრიობისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაციონალ-სოციალიზმი მარტო საბჭოთა კავშირს კი არა, მთელ მსოფლიოს ემუქრებოდა.

მიმაჩნია, რომ კურსკში ძალიან კარგი ღონისძიება ჩატარდა. მინდა აღვნიშნო, რაც თვალშისაცემი იყო ერთი რამ _ ისეთ სითბოს, რომელიც დღეს აქ ქართველმა ვეტერანებმა იგრძნეს, ასეთს საქართველოში, სამწუხაროდ, ვერ გრძნობენ.

პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ, ასევე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტორშინი, სახელმწიფოთაშორისი ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანატოლი ისკანოვი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუტუზოვი, სისტემური ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი (უკრაინა), როსტისლავ იშჩენკო, საზოგადოებრივი მოძრაობა «რუსეთის საძიებო მოძრაობის» პასუხისმგებელი მდივანი ელენა ცუნაევა, ყაზახეთის ნაციონალური უნივერსიტეტის იუნესკოს ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლაილა ახმეტოვა.

პარალელურად კურსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებისთვის სესია გაიმართა. «დიადი გამარჯვება ისტორიულ მეცნიერებაში», «თაობების გულებში... როგორ შევინახოთ და გადავცეთ ჩვენი საერთო ისტორიული მეხსიერება თაობებს», «ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვამაყობთ! დიადი გამარჯვება ახალგაზრდების თვალით», _ სწორედ ამ სამ ნაწილად წარმოდგენილ სესიაში, მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა. სესიაზე სიტყვით გამოვიდა ქართული დელეგაციის წარმომადგენელი, «თავისუფალ სტუდენტთა კავშირის» ხელმძღვანელი ნიკოლოზ მეტრეველი. ამის შემდეგ სესია კვლავ კურსკის დრამატულ თეატრში გაგრძელდა, სადაც, სხვა გამომსვლელებთან ერთად, მოხსენებით წარდგა ქართული დელეგაციის წარმომადგენელი, «ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის» დამფუძნებელი გიორგი მდივანი.

პოლიტოლოგიური ცენტრის «ჩრდილოეთი-სამხრეთის» აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იულია იაკუშევამ რუსეთის პრეზიდენტისგან სპეციალური ჯილდო მიიღო.

ქართველი ვეტერანები 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამამულო ომის ქართველი ვეტერანებიც, ფაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინისა და ბელორუსიის გათავისუფლების ბრძოლების მონაწილეები. მათ შორის, ყველაზე უფროსი 91 წლის ტარას იჩქიტიძეა. ბატონი ტარასი ომში სნაიპერი იყო. ამბობს, რომ ოფიციალურად 59 მოწინააღმდეგე ჰყავს განადგურებული. იბრძოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სტალინგრადში, ბელორუსიაში, უკრაინაში, რუმინეთში, პოლონეთში, გერმანიაში.

«ხარაგაულში, ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე. ჩემი ტყუპი ძმები მაშინვე წაიყვანეს ფრონტზე, ერთი _ ფსკოვში, მეორე კი კავკასიის ფრონტზე მოხვდა. არც ოჯახში, არც სკოლაში არავისთვის მითქვამს, ისე გავიპარე კომისარიატში, არადა, მანამადე ხაშურს არ ვიყავი გაცილებული. რამდენიმეჯერ უარით გამომისტუმრეს, მაგრამ ომში მაინც წავედი. ეშელონებში ჩაგვსხეს და წაგვიყვანეს. 38 დღე გვატარეს და მიგვიყვანეს კუნძულ სახალინზე, სადაც სამხედრო ფიცი მივიღეთ, იქიდან სტალინგრადში წაგვიყვანეს. 1942 წლის ნოემბერია, მახსოვს, 30 გრადუსი ყინვა იყო, მდინარე იწვოდა ისეთი ბრძოლები მიმდინარეობდა. მდინარის მეორე მხარეს კატერით უნდა გადავსულიყავით. შუა წყალში გაფუჭდა. ამოყირავების საფრთხე იყო. წარმოიდგინეთ, ვოლგა გაყინულია, ყინულის ლოდები ეხეთქება კატერს, რომ გადაბრუნდეს, გაიყინები. ძლივს მივაღწიეთ ნაპირამდე. ბევრი გაიყინა... ვფიქრობდი, ნეტა დედაჩემმა გაიგოს, რომ აქ ვკვდები-მეთქი. სამი ტყვია დღემდე მაქვს ფეხში ჩარჩენილი. 14 იანვარი თენდებოდა, პირველად რომ დავიჭერი. მახსოვს, პატარა სუსტმა, 12-13 წლის გოგომ, ტანიამ ციგით წამიყვანა ჰოსპიტალში. 8 კილომეტრი მარტომ მატარა. მტერს რომ დავენახეთ, ჩაგვცხრილავდა. გარშემო ყუმბარები ცვიოდა, მაგრამ ხელს არ მიშვებდა. წაიქცეოდა, მაინც ადგებოდა და გზას აგრძელებდა. ასე გადავრჩი და 1945 წელს გამარჯვებას გერმანიაში შევხვდი».

ომის ვეტერანი შოთა ბუაძე ახლა 89 წლისაა, ომი რომ დაიწყო, მე-9 კლასში იყო, ომში წასვლის სურვილით, ისიც სახლიდან გაიპარა:

- რამდენიმე მოსწავლემ კომისარიატს მივმართეთ, რათა სამშობლოს დასაცავად ომში წავეყვანეთ, მაგრამ უარით გამოგვისტუმრეს. ახლა რომ ლანძღავენ კომკავშირს, მაშინდელი განათლების სისტემა ისე იყო მომართული, პატრიოტულ აღზრდას დიდი ყურადღება ექცეოდა.

- არ გაგიჭირდათ 16 წლის ბიჭს ფრონტზე, ომის ქარცეცხლში?

- სამშობლოს დაცვა გმირობად მიგვაჩნდა. საქართველოს ისტორია, ლიტერატურა, პოეზია ხომ სულ გმირობაზეა აგებული. შეგნებული გვქონდა, სად და რისთვის მივდიოდით. ჯერ ადლერში წაგვიყვანეს, სამხედრო ნაწილში ათი დღე დავყავით, მოგვცეს ფორმები და გაგვანაწილეს. მე მოვხვდი საზენიტო არტილერიაში, კავკასიის ფრონტზე. ახლა ლაზარევსკაია ჰქვია იმ ადგილს. ვერავინ იფიქრებს, რომ ადრე იქ სამხედრო აეროდრომი იყო, ჩვენ სწორედ ამ აეროდრომს ვიცავდით. გამანაწილეს მზვერავად, მტრის თვითმფრინავი ხმით უნდა გამომეცნო _ რომელი მარკისაა, ვისია, რა სიჩქარით მოფრინავს. პირველივე დღეს დაგვესხა თავს მტრის ავიაცია. ასევე ვიცავდი კრასნოდარის მთავარ სარკინიგზო სადგურს, რომელიც მთელი კავკასიის ფრონტს სამკურნალო საშუალებებითა და საკვებით ამარაგებდა, ამიტომ განუწყვეტლივ ბომბავდნენ.

ვიბრძოდი უკრაინაში, პოლონეთში, ბოლოს გამარჯვებას გერმანიის ტერიტორიაზე შევხვდი. მახსოვს, გერმანიის ქალაქი ბუნცლაუ 6 თვე ალყაში იყო, ჩვენ გავათავისუფლეთ და, როდესაც შევედით, რაც ვნახე, ჩემი მეხსიერებიდან არ წაიშლება - - ცოცხლად გადარჩენილი ადამიანები ჩონჩხებს ჰგავდნენ.

- დღეს თუ გრძნობთ სახელმწიფოსგან თანადგომასა და ყურადღებას?

- ომის მონაწილეებს მთავრობა უსინდისოდ მოგვექცა. მთავრობის ძალიან უკმაყოფილო ვარ. ვიღაც ცრუ ისტორიკოსმა და ფსევდომეცნიერმა თქვა, ეს ჩვენი ომი კი არა, რუსეთის იყოო და ის ასეულათასობით კაცი, რომლებიც საქართველოდან ამ ომში ვიბრძოდით, შეურაცხგვყვეს. არც ერთი ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევდა. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში ომის მონაწილეეებს ქუჩაში ორდენებს აგლეჯდნენ. შევარდნაძის დროს, მართალია, მიიღეს კანონი ომის მონაწილეებისთვის შეღავათების დაწესების შესახებ, მაგრამ მალე ყველაფერი ისევ გაგვიუქმეს. სააკაშვილმა 39 სახის შეღავათიდან თითქმის ყველა გაგვიუქმა, მხოლოდ უფასოდ მგზავრობის დაგვიტოვა. იმედი გვქონდა, როცა «ქართული ოცნება» მოვიდოდა ხელისუფლებაში, გვეშველებოდა, მაგრამ ომის მონაწილის პენსიაც წაგვართვეს. ასე უსინდისოდ მოგვექცენენ ომის მონაწილეებს. არადა, რელიკვიასავით შემოვრჩით. თბილისში სულ 700-მდე ომის მონაწილეა. საქართველოში კი 2 ათასამდე თუ იქნება.

დანაშაულია, რომ დღეს ომის ვეტერანებს შიათ და წყურიათ, არანაირ დახმარებას არ ვიღებთ. მე ვეტერანთა კავშირის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე ვარ და ყველა გაჭირვებულ ვეტერანთან მაქვს ურთიერთობა. გათბობის საშუალება რომ არ აქვთ ზამთარში, ჩაცმულებს სძინავთ. ისეთი არაადამიანური დამოკიდებულება ომის ვეტერანებისადმი, როგორიც საქართველოშია, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ. ზოგჯერ ისიც კი უთქვამთ, კიდევ ცოცხალი ხარო.

ამიტომ მივესალმები ასეთ ღონისძიებებს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას ვახსოვართ და პატივს გვცემს. ჩვენთვის მორალური მხარდაჭერაც ბევრს ნიშნავს.

სერგო მირზოიანი, ომის ვეტერანი:

- 16 წლის ვიყავი, როდესაც ომში გავიპარე, სკოლაც არ დამიმთავრებია. გავიპარე მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც გამეკეთებინა სამშობლოსთვის. 6-თვიანი წვრთნების შემდეგ წამიყვანეს ფრონტზე და მას შემდეგ სულ ბელორუსიის მესამე ფრონტზე ვიბრძოდი. თავსა და ფეხში ვარ დაჭრილი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასეთი ღონისძიებები და ძალიან კმაყოფილი მივდივარ. არ შეიძლება ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა.

კურსკის გუბერნატორ ალექსანდრე მიხაილოვთან საზეიმო შეხვედრის შემდეგ ისტორიულ-კულტურული ფორუმი სტუმრების პატივსაცემად გამართული ვახშმითა და კონცერტით დასრულდა.

 

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა
„საქართველო და მსოფლიო“