პოლიტიკა
საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

polit-2საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლიერებით აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მისწრაფება ევრო და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. საქართველოს პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა ეკონომიკის, ბიზნესის, სამხედრო და კულტურის სფეროებში. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ჯგუფების ინტერესები ორივე ქვეყანაში ერთნაირად არის და იქნება დაცული.

თურქეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს გულთბილი მიღებისთვის და ყურადღება ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობაზე გაამახვილა. მისი თქმით, თურქეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია და მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ პოზიციას საერთაშორისო დონეზე. აბდულა გიულმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გაღრმავდეს თანამშრომლობა თავისუფალი ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის, ასევე სატრანსპორტო მიმართულებით.

გიორგი მარგველაშვილმა და აბდულა გიულმა სამიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს,  რომელიც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მონაწილეობით გაიმართა. როგორც ლიდერებმა აღნიშნეს, მხარეები სამიტის რეგულარულად გამართვაზე შეთანხმდნენ.

პრეზიდენტის სასახლიდან აბდულა გიული გმირთა მოედანზე გაემგზავრა, სადაც გვირგვინით შეამკო დაღუპულ გმირთა მემორიალი.