საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადებები გააკეთეს.
„სამიტზე ჩვენ ვსაუბრობდით იმ თანამშრომლობაზე, რომელიც შედგა ჩვენს სამ ქვეყანას შორის. ეს ისტორიული თანამშრომლობაა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რეგიონის ეკონომიკაზე, სტაბილურობაზე, გავლენას ახდენს ათობით მილიონ ადამიანზე როგორც აზიაში, ასევე ევროპაში, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის, კეთილმეზობლობის გათვალისწინების შედეგად სარგებლობს ამ თანამშრომლობის შედეგებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე.
მედიასთან შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ინიციატივით გამოვიდა, შემდეგი სამიტი აზერბაიჯანში ჩატარდეს.„თუ წინააღმდეგი არ ხართ, შემდეგი შეხვედრა ჩატარდეს აზერბაიჯანში და მე ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მაგალითი იქნება ჩვენი მეგობრობის, ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა აღნიშნა, პრეზიდენტების სამმხრივ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს: "ჩვენ მჭიდროდ ვაკვირდებით, როგორ ვითარდება მოვლენები ყირიმში და მე ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც სამიტი რეგიონისთვის ძალიან საინტერესო იქნება. მე მსურს გამოვხატო ჩემი სურვილი, რომ ეს მართლა გულწრფელი თანამშრომლობა იყოს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.