აშშ დასავლეთ საქართველოში ახალი გაზსადენის მშენებლობას აფინანსებს
ხვალ, 17 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი ფოთს ეწვევა. ფოთში ბასი ამერიკის მთავრობის მიერ კონფლიქტის შემდეგ, საქართველოსთვის გამოყოფილი ერთი მილიარდი დოლარით დაფინანსებული პროექტის, სენაკისა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის მშენებლობას დაათვალიერებს.
აღნიშნული მილსადენით ბუნებრივი აირი ფოთის, სენაკის, ხობისა და სამეგრელოს სხვა რაიონების მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 25 000 ადამიანს მიეწოდება. ელჩი შეხვდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიასა და ენერგო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც მილსადენზე მუშაობენ. ჯონ ბასი მშენებარე ობიექტს დაათვალიერებს და შეხვდება როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებს, ასევე, - საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებს.