პუბლიკაციები
ლავროვი: „გირჩევთ, ჰკითხოთ ევროკავშირს და აშშ-ს - რაიმე გეგმები ხომ არა აქვთ იმ შემთხვევისათვის, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გააკეთებს იმას, რასაც მისგან მოელიან. ჩვენ არ ვცვლით რეჟიმებს, არ ვაწყობთ „ფერად რევოლუციებს…“

1akt-3-an-Lavrovსაქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. 2014 წლის 6 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ს.ვ. ლავროვი სიტყვით გამოვიდა ვენაში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის შედეგებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე, ხოლო შემდეგ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ბოლოს წინა შეკითხვა ტელეკომპანია იმედის“ (საქართველო) კორესპონდენტმა დაუსვა:

შეკითხვა: ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა მოხსენება საქართველოში, მათ შორის, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ, რომელშიც ლაპარაკია რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე - ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე ხალხის დაკავების, საზღვრის გამაგრების და ა.შ. შესახებ. როგორ აფასებთ ამ მოხსენებას? უკრაინაში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში უნდა ველოდეთ თუ არა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის შემდგომ გართულებას მას შემდეგ, რაც ა.წ. ივნისში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას?

ს.ვ. ლავროვი: რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ მოხსენებას, რუსეთი ბრმად არ ემხრობა ყველაფერს, რასაც ევროკავშირი და მისი სამდივნო აკეთებენ. ყოველ ქვეყანას მიდგომების საკუთარი ნიუანსები აქვს. ჩვენთვის სულერთი არ არის, რა სიტუაციაა საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო სტაბილური სახელმწიფო იყოს, ხალხმა კარგად იცხოვროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს სიტუაციის კონტექსტში განვიხილავთ. ეს ჩვენი მეზობელი ქვეყნებია, დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ჩვენ ვაღიარეთ მათი დამოუკიდებლობა. ეს რეალობაა და ვიმედოვნებთ, რომ კონტაქტები, რომლებიც ჩვენსა და ქართველ კოლეგებს შორის მყარდება, საშუალებას მოგვცემს, ამ რეალობას უფრო მშვიდად და საღად შევხედოთ.

თუ იმას მეკითხებით, ხომ არ ელის საქართველოს ისეთივე კრიზისი, როგორიც უკრაინაში მოხდა მას შემდეგ, რაც ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, რომელიც მთლიანად საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, გადაწყვიტა, უარი კი არ ეთქვა, არამედ გადაედო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც ეს კითხვა რუსეთს უნდა დაუსვათ. ალბათ, თვალს ადევნებდით მოვლენების განვითარებას.

ვიმეორებ, ევროკავშირის რეაქცია უკრაინის პრეზიდენტის აბსოლუტურად ლეგიტიმურ გადაწყვეტილებაზე თითქმის ისტერიული იყო. მაშინვე ორგანიზებული იქნა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა, რომელიც სულ მალე ხელში ჩაიგდეს რადიკალებმა, დაიღვარა სისხლი, დაიწყო ძალადობა პოლიციისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. აქამდე ვერ გამიგია, რით იყო გამოწვეული ევროკავშირის  და მისი მხარდამჭერი აშშ-ის ამგვარი არათანაზომადი რეაქცია, თუ არ გამოვალთ მარტივი ვარაუდიდან, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ მოწყვიტოს უკრაინა რუსეთს, აიძულოს ის გააკეთოს ხელოვნური არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის, რაც არაერთხელ იქნა საჯაროდ ფორმულირებული.

თანამედროვე ევროპაში მსგავსი ქცევა, უბრალოდ, მიუღებელია. ხომ ხედავთ, რა გამოვიდა აქედან. ჩვენი მიზანი ან ჩანაფიქრი არ იყო უკრაინაში რაიმეს მოწყობა. პირიქით, ყველას მოვუწოდებდით, შეეწყვიტათ ამ ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევა. გირჩევთ, ჰკითხოთ ევროკავშირს და აშშ-ს, რაიმე გეგმები ხომ არა აქვთ იმ შემთხვევისათვის, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გააკეთებს იმას, რასაც მისგან მოელიან. არ მინდა, უდიერი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ეს შეკითხვა სწორედ მათი მისამართით უნდა დასვათ. ჩვენ არ ვცვლით რეჟიმებს, არ ვაწყობთ „ფერად რევოლუციებს“, მით უფრო “ყავისფერი ელფერით”, როგორც უკრაინაში.