რელიგია
პატრიარქმა ილია მეორემ მკვეთრად დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება: “უკანონობის დაკანონება - ეს დიდი ცოდვაა! არცერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს! გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი...”

1rezko-pravo-1საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 6 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში წმინდა გიორგის ხსენების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურებისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავის ქადაგებაში გააკეთა განცხადება, რომელმაც მთელი მართლმადიდებელი საქართველოს ზეიმი გამოიწვია. ვგონებ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პატრიარქმა პირდაპირ და მკვეთრად დაადანაშაულა ხელისუფლება ქართველი ხალხისთვის უცხო დასავლური ფასეულობების თავს მოხვევაში.

ამ შემთხვევაში ლაპარაკია ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2014 წლის 2 მაისს მიიღო და რომელიც კანონის ძალას მას შემდეგ შეიძენს, რაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოაწერს ხელს.

(საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს კანონი გულისხმობს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერების უფლებათა ექსკლუზიურ დაცვას, რომლებიც ამიერიდან თავისი დამახინჯებული სექსუალური ორიენტაციის საჯარო პროპაგანდის კანონიერ უფლებას მიიღებენ, რითაც უხეშად დაარღვევენ ჰეტეროსექსუალური მართლმადიდებელი (და არა მარტო მართლმადიდებელი) უმრავლესობის კანონიერ უფლებებს საქართველოში).

„ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შესახებ მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ. საერთოდ, საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ არასდროს არავის არ ჩაგრავდა.  საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველა ხედავდა, ყველა გრძნობდა თავისუფლად თავის თავს, მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება. როგორც შეიძლება უკანონობა დააკანონო? უკანონობის დაკანონება - ეს დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და ის იქნებოდა საოცარი... მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა! არცერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს! და მე მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. და მე შევთხოვე უფალს, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი ნებსითი და უნებლიეთი. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს", - ბრძანა უწმინდესმა თავის ქადაგებაში.