აქტუალური
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქის’’ განცხადება

1ivanishvili_moqalaqeსაქართველო, 6 მაისი, საქინფორმი.
არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე" ქართული მედიის სანდოობის ხარისხის შეფასებისა და საქართველოში მედიაგარემოს შესწავლის მიზნით კომპლექსური კვლევის ჩატარებას გეგმავს. ეს არის უპრეცედენტო პროექტი - როგორც წესი, მედიაგარემოს შესწავლა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხდება, ეს პროექტი კი პერმანენტული ხასიათის იქნება და, სულ ცოტა, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. კვლევა იქნება მულტიკომპონენტური და მოიცავს როგორც ხარისხობრივ, ისე რაოდენობრივ საფეხურებს; გაანალიზდება ბეჭდვითი და ელექტრონული მედია და შესწავლილ იქნება საზოგადოებისა და ექსპერტთა განწყობები.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქემ” პარტნიორად აირჩია მსოფლიოს უმსხვილესი კვლევითი ორგანიზაცია TNS, რომელმაც საქმიანობა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ 1946 წელს. დღეს ორგანიზაცია  80-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და  დასაქმებული ჰყავს 15000-ზე მეტი სპეციალისტი. TNS პოლიტიკურ, მედიისა და  სოციალურ კვლევებში მსოფლიო ლიდერია და ცნობილია, როგორც კვლევითი პარტნიორი, რომელიც მსოფლიო პოლიტიკურ და ბიზნესკორპორაციებს სანდო და კომპეტენტურ  მონაცემებზე დაყრდნობით აწვდის პრაქტიკულ ანალიზსა და რეკომენდაციებს. TNS-ის კლიენტები არიან როგორც სამოქალაქო სექტორი, ისე სამთავრობო უწყებები, პოლიტიკური პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მსხვილი საერთაშორისო თუ ეროვნული ინსტიტუტები.

ქართული მედიის კვლევის პროექტს უხელმძღვანელებს TNS Opinion, რომელიც განთავსებულია ბრიუსელში. TNS Opinion საქართველოში რამდენიმე წელია ახორციელებს კვლევით პროექტებს და კარგად იცნობს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. პროექტის განხორციელება დაიწყება უახლოეს პერიოდში და პირველი შედეგები, სავარაუდოდ, სამ თვეში გამოქვეყნდება.