აქტუალური
საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისის დაძლევის დეპარტამენტის მმართველ დირექტორს აგოსტინო მიოცოს შეხვდა.
მხარეებმა კრიზისული სიტუაციების დაძლევისა და ოპერაციული კოორდინაციის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების დაძლევისა და ოპერაციული კოორდინაციის დეპარტამენტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უსაფრთხოების პოლიტიკაში, როგორც მუდმივი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს მონიტორინგს და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმირებას 24 საათის განმავლობაში. ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების დაძლევის სისტემა უმკლავდება იმ შედეგებს, რომლებიც გამოწვეულია პოლიტიკური ან შეიარაღებული კონფლიქტებით, ტექნოლოგიური ინციდენტებით, ტექნოგენური და ბუნებრივი კატასტროფებით.გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნულ დეპარტამენტთან თანამშრომლობა დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს კრიზისული სიტუაციების მართვის თვალსაზრისით.
შეხვედრას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისის დაძლევისა და ოპერატიული კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე სტავროს პეტროპულუსი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დაესწრნენ.