პოლიტიკა
სააკაშვილი: “სანამ პუტინი უკრაინით არის დაკავებული, აზერბაიჯანს დრო აქვს”, ანუ საქინფორმის მორიგი პროგნოზი დასტურდება!

1politik-pol-1საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. ღრმად პატივცემულო მკითხველებო! შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს, 2014 წლის 28 აპრილს, გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა პროგნოზი გააკეთა, რომ უკრაინის მერე შემდეგი ქვეყანა, სადაც მღელვარება დაიწყება, აზერბაიჯანი იქნება:ფუნთუშების დამრიგებელი ნულანდისა და „მის მომხიბვლელობა - 2014“-ის, ეშტონის ხელით წინდაუხედავად დაწყებული პროცესი, რაღა თქმა უნდა, უკრაინის ფარგლებს გასცდება, ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ტერიტორიების დაკარგვის დიდ სპეციალისტს მიშა სააკაშვილს, რომელიც გუშინ ბაქოში ჩავიდა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი ქვეყანა, სადაც მღელვარება დაიწყება, აზერბაიჯანი იქნება, რამდენადაც კასპიის ზღვა აშშ-ს უკრაინაზე არანაკლებ აღელვებს...”

და აი, სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ - 2014 წლის 2 მაისს, საზოგადოებრივი გაერთიანების “ადამიანის უფლებებისთვის” საინფორმაციო-ანალიტიკურმა და სამონიტორინგო პორტალმა (haqqin.az აზერბაიჯანი) გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც, პრაქტიკულად, ადასტურებს საქინფორმის მთავარი რედაქტორის ვერსიას (ინტერვიუდან ამონარიდები ქვემოთ წაიკითხეთ):

“კორ.: როგორ ფიქრობთ, გააგრძელებს თუ არა პუტინი აზერბაიჯანში ხელისუფლების შეცვლის მცდელობებს?

- მ.ს. რუსეთი თავის ამოცანებს ეტაპობრივად ჭრის, ახდენს რა ყურადღებისა და ძალების კონცენტრირებას მხოლოდ ერთ ქვეყანაზე. ამიტომ სანამ პუტინი უკრაინით არის დაკავებული, აზერბაიჯანს დრო აქვს. მაგრამ თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ უკრაინაში ყველა ამოცანა გადაჭრილია, მას დიდი ცდუნება ექნება, აზერბაიჯანს მისდგეს. რატომ? ევროპა მჭიდროდ მიუახლოვდა გადაწყვეტილებას რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. და ეს მთლიანად ცვლის სურათს მთელ ევრაზიულ სივრცეში. რით შეივსებს ევროპა ენერგომატარებლების მოთხოვნილებას? დიახ, აუცილებელი რესურსების ნაწილის დაფარვა ამერიკული ფიქალის თხევადი აირის ხარჯზე მოხერხდება. თუმცა ამ გზაზე გარკვეული სიძნელეებია, რადგან, ჯერ ერთი - ამ პროცესს კიდევ რამდენიმე წელიწადი დასჭირდება, და მეორე - აშშ-ს საკმარისი რესურსი არ აქვს, რომ მთლიანად უზრუნველყოს ევროპა. საკმარისი მარაგი შუა აზიაში და აზერბაიჯანშია. ანუ აზერბაიჯანული გაზის და თურქმენული გაზის გარეშე, რომლის ექსპორტი მხოლოდ აზერბაიჯანის გავლით არის შესაძლებელი, ევროპა ვერ გადარჩება! და ეს რეალობა გააცნობიერეს როგორც ევროპელებმა, ისე ამერიკელებმა. აზერბაიჯანის როლი ახალ მსოფლიოში განუზომლად გაიზარდა. სხვათაშორის, ისევე როგორც თურქმენეთის, რომელიც სერიოზულად ყოყმანობდა საჭირბოროტო გადაწყვეტილების მიღებამდე. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, თურქმენეთი უკვე სიამოვნებით დათანხმდა ურთიერთობის აწყობას აზერბაიჯანთან, რომელიც, თავის მხრივ, ამისკენ ყოველთვის ისწრაფოდა. ბოლოს და ბოლოს, ისინიც მიხვდნენ, რომ შექმნილ გეოპოლიტიკურ რეალობაში ეს მათი გადარჩენის საკითხია.

თუ აზერბაიჯანი თავის დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს განაგრძობს, რუსეთი ევროპის დაშანტაჟებას ვერ შეძლებს. ამიტომ სტრატეგიული კუთხით რუსეთი აზერბაიჯანზე სრული კონტროლის დამყარებას ეცდება. ეს გასაგებია. მაგრამ აზერბაიჯანი ხომ 20 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა და არასოდეს უყოყმანია. პრობლემა შუა აზიაა, რომელიც თავის არჩევანში ყოყმანობდა და რუსეთსა და დასავლეთს შორის მანევრირებდა. სწორედ ამიტომ ვერ მიაღწიეს მათ სერიოზულ პროგრესს. დააკვირდით, მთელი მათი კომუნიკაციები ჩრდილოეთის გავლით გადის, ეს ქვეყნები ძალზე მოწყვლადები არიან, მათში წინააღმდეგობები მატულობს და მათით მანიპულირება ადვილია, რადგან ისინი ყოველთვის იტოვებდნენ ადგილს მანევრებისთვის და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას თავს არიდებდნენ. აზერბაიჯანმა კი, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, მკაფიოდ მონიშნა თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი.

აშშ-შიც მიხვდნენ, რომ ძალზე ნაადრევად გადაიტანეს გეზი აზიაზე, რადგან ამა თუ იმ რეგიონის უყურადღებოდ დატოვება არ შეუძლიათ... ბაქოში ჩამოსვლამდე დიდხანს ვესაუბრე ჰილარი კლინტონს, რომელიც, როგორც ჩანს, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გახდება, მას გამარჯვების უდიდესი შანსი აქვს. ჰილარი კლინტონი ხედავს აზერბაიჯანის როლს რეგიონში. სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ანალიტიკურ ცენტრში ის პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული სიტუაციის მისეული ხედვის შესახებ მოხსენებით გამოვიდა და ყურადღება აზერბაიჯანის საკვანძო როლზე გაამახვილა. ის ძალიან ამაყობს იმით, რომ აქ ელჩად რიჩარდ მორნინგსტარი გამოგზავნა. ის ამაყობს, რომ მისმა ქმარმა ბილ კლინტონმა თავის დროზე მთავარი როლი შეასრულა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის რეალიზაციაში. ჰილარი კლინტონი ძალზე კომპეტენტურია პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემებში. და ჩვენ ახლა აშშ-ის პოლიტიკაში ასეთი კომპეტენტური ადამიანების როლის გაძლიერება გვჭირდება”.