კახა კუკავა: „ე.წ. ატსტუპნიკებს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება საკუთრებაში უნდა გადაეცეთ!“
საქართველო, 5 მაისი,
საქინფორმი. დღეს, 5 მაისს, თბილისის საკრებულოში
ადამიანის უფლებათა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლეთა პრობლემების მოსმენა გაიმართა.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ 2005 წელს მიღებული კანონი გამიზნული იყო კანონის სუბიექტის – მოსარგებლის პრობლემის მეტ–ნაკლებად სამართლიანად გადასაჭრელად, მაგრამ, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, კანონით ვერ მოხერხდა პრობლემის გადაწყვეტა და მოსარგებლე უბინაოდ დარჩენის საფრთხის წინაშე დგას. კომისიის თავმჯდომარის, კახა კუკავას განმარტებით სახელმწიფომ უნდა დაიცვას „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ მოსარგებლეთა ქონებრივი უფლებები და მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება საკუთრებაში უნდა გადაეცეთ.