საზოგადოება
საერთაშორისო განათლების ცენტრი 7 მაისიდან საბუთების მიღებას აცხადებს

1centr-sazogad-1საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ინოვაციური პროექტის ფარგლებში დაარსებულმა საერთაშორისო განათლების ცენტრმა 2014-2015 წლების პრიორიტეტული მიმართულებები და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაფინანსების მოპოვების კრიტერიუმები გამოაცხადა.

დღეიდან ამუშავდა ვებ-გვერდი www.iec.gov.ge, რომლის მეშვეობითაც მსურველები განათლების საერთაშორისო ცენტრის ბაზაში დარეგისტრირებას შეძლებენ, ასევე გაეცნობიან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაფინანსების მოსაპოვებლად რეგისტრაციის დროს წარსადგენი დოკუმენტების და მიმართულებების მიხედვით განსაზღვრული წამყვანი უცხოური უნივერსიტეტების ჩამონათვალს.

სამაგისტრო და სადოქტორო დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში სტუდენტები კისრულობენ ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში, იმსახურონ საჯარო სექტორში სულ ცოტა 3 წელი და მიღებული ცოდნა მოახმარონ ქვეყნის განვითარებას. ამგვარად, სტუდენტების სწავლაში ჩადებული ინვესტიცია მთელი საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდება. სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამები ცხადდება წელიწადში ერთხელ. წელს განათლების საერთაშორისო ცენტრი მსურველებისთვის საბუთების მიღებას 7 მაისიდან 7 ივნისამდე აცხადებს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ ასევე განმარტა, რომ პრემიერის ინიციატივის შესაბამისად, უკვე შენდება 300 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებიან რეგიონებიდან ჩამოსული მაღალი მოსწრების ხელმოკლე სტუდენტები.