პოლიტიკა
ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ირაკლი ალასანიამ სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ედმონდ მულესთან შეხვედრა გამართა

1new-york-polit-3საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. მხარეებმა გაეროს მანდატით, ევროკავშირის ეგიდით აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში დაგეგმილი სამშვიდობო ოპერაციის დეტალები განიხილეს. საუბარი აგრეთვე შეეხო გაეროს მანდატით მომავალში დაგეგმილ საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის პერსპექტივებსაც.

„შეხვედრა გვქონდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით. გაეროს მანდატიც აქვს  ევროკავშირს, რომ აწარმოოს ოპერაცია ცენტრალურ აფრიკაში, სადაც ჩვენი სამხედროები იქნებიან ჩართული. ვისაუბრეთ ვითარებაზე ცენტრალურ აფრიკაში. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე,  თუ რა შეიძლება დასჭირდეთ ჩვენს სამხედროებს, რათა მისია ზუსტად შეასრულონ და რა სახის ლოგისტიკური მხარდაჭერა დასჭირდებათ იმისთვის, რომ  მისიის შესრულების შემდეგ საკუთარ ქვეყანაში წარმატებულად დაბრუნდნენ. ასევე, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე მომავალში, რომ ქართველმა სამხედროებმა უკვე გაეროს ეგიდით, როგორც ცისფერჩაფხუტიანებმა,  გააგრძელონ სხვადასხვა მისიაში მონაწილეობა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უფრო ნათელი წარმოდგენა გვაქვს იმაზე,  თუ როგორ აპირებს გაერო მისიების განხორციელებას აფრიკაში“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ედმონდ მულესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.