პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების განმტკიცების (BI) ტრენინგ კურსების მხარდაჭერასთან“ დაკავშირებით

1-minoboroni-polit-2საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქაროსანიძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში ნატო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი დონის, ნატოს სტანდარტების ანტიკორუფციული ტრენინგ კურსების მომზადებასა და ორგანიზებაში შეუწყობს ხელს.

„მემორანდუმის მიზანია დაეხმაროს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის მომზადებაში, რათა მათ სამინისტრო უფრო ეფექტიანად, ნატოს სტანდარტების შესაბამისად მართონ. თავდაცვის სამინისტრო, აქცევს რა ყურადღებას ეფექტიანობის ამაღლებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ძალიან სერიოზულ ნაბიჯს დგამს იმისკენ, რომ გაზარდოს საკუთარი შესაძლებლობები და მართვის ისეთი სისტემა დაამკვიდროს, რომელიც ნატოსთან თავსებადია. საამაყოა, რომ თავდაცვის სამინისტრო ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზეა. ის მონდომებულია, რომ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ფინანსები სწორად დაიხარჯოს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაიზარდოს. ვულოცავ მინისტრ ალასანიას ამ წარმატებულ ლიდერობას, ხედვასა და ძალისხმევას და ვულოცავ მინისტრის მოადგილეს, თამარ ქაროსანიძეს, ვინც დიდ ძალისხმევას დებს თავდაცვის სამინისტროში ამ რეფორმის განხორციელებაში“, -  განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.