პუბლიკაციები
საქინფორმი: გაჟონვა რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიიდან?! ამერიკელმა მკვლევარებმა საქართველოში ყვავილის დღემდე უცნობი ვირუსი აღმოაჩინეს

1lugariსაქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ამერიკელი მეცნიერი მედიკოსების მიერ საქართველოში იდენტიფიცირებულია  ყვავილის ახალი ვირუსი. ატლანტის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ფედერალური ცენტრების (Centers for Desease Control and Prevention, CDC) ცნობით, ვირუსით, სულ ცოტა, სამი ადამიანი იყო ინფიცირებული. კონკრეტულად როდის მოხდა ეს, არ აზუსტებენ.

აშშ-ის საზოგადოებრივი რადიო (NPR) დაავადების ახალ გამომწვევს ნატურალური ყვავილის “გარე ბიძაშვილს” უწოდებს. თავდაპირველად ვირუსით ორი მწყემსი დასნებოვნდა, რომლებსაც ავადმყოფ ცხოველებთან კონტაქტი ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანის შემთხვევაში ციმბირულ წყლულს ეჭვობდნენ, მაგრამ ლაბორატორიულმა შემოწმებამ ეს არ დაადასტურა, და მაშინ ქართველმა მედიკოსებმა დახმარება ამერიკელ კოლეგებს სთხოვეს.

კვლევას CDC-ს სპეციალისტთა ჯგუფი შეუდგა ნილ ვორას ხელმძღვანელობით. მათ სწრაფად დაადგინეს, რომ საქმე აქვთ ერთ-ერთ ეგრეთ წოდებულ “პოკსვირუსთან”, რომლებიც ყვავილს და ყვავილის მაგვარ დაავადებებს იწვევენ. შემდგომმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ეს კონკრეტული სახესხვაობა მეცნიერებს აქამდე არ შეხვედრია. ვორას თქმით, მას ჯერ საკუთარი დასახელებაც არ აქვს.

“ვირუსების ეს ოჯახი ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რამდენადაც ყვავილის გამოყენება შესაძლებელია ბიოლოგიურ იარაღად”, - უთხრა ამერიკელმა მკვლევარმა NPR-ს. “ჯერჯერობით არ გამოგვივლენია ადამიანიდან ადამიანზე დაავადების გადაცემის შემთხვევები, - დასძინა მან, - მაგრამ რამდენი ადამიანი ავადდება? ავადდებიან თუ არა ცხოველები? ეს არ ვიცით. არც ის ვიცით, იყო თუ არა ადამიანების სიკვდილიანობის შემთხვევები”.

ორივე მწყემსი, რომლებსაც ახალი ვირუსი აღმოაჩნდათ, განიკურნა. მოგვიანებით ასეთივე დაავადება გამოუვლინდა კიდევ ერთ ადამიანს საქართველოს სხვა რაიონში. გამოძიების მსვლელობისას ყვავილის ვირუსები აღმოაჩნდა აგრეთვე ზოგიერთ შინაურ ცხოველს და მღრღნელს.

ზემოთ გადმოცემულ ფაქტთან დაკავშირებით საქინფორმი მკითხველს შეახსენებს საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის 2012 წლის 13 აგვისტოს პუბლიკაციას “არდაბრუნების წერტილი და რიჩარდ ლუგარის სახელობის სიკვდილის ფაბრიკა”, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

«დიდგორობის დღესასწაულზე, რომელიც დიდგორის ბრძოლაში სელჩუკთა ლაშქარზე ქართველების გამარჯვებას მიეძღვნა (1121 წ. 12 აგვისტო), ამერიკელმა სენატორმა – რესპუბლიკელმა რიჩარდ ლუგარმა, სტარტი მისცა საქართველოში აშშ-ის ახალი სამხედრო ობიექტების მუშაობას  ძალზე მშვიდობიანი სახელწოდებებით. ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მდივნის თანაშემწე ენდრიუ ვებერსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად მან საზეიმოდ ჩაუყარა საძირკველი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციულ შენობას, სადაც განთავსდება აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (აშშ) ოფისები.

ხოლო 2004 წელს თბილისის გარეუბანში (ალექსეევკის დასახლებაში სამხედრო აეროდრომის მეზობლად) გახსნილ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ საცნობარო ლაბორატორიას რიჩარდ ლუგარის სახელი მიენიჭა – აშშ-ის მთავრობის სპეციალური პროგრამის „ნან-ლუგარის“ ავტორისა, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ხორციელდება და რომლის საფუძველზე ქვეყანაში ფუნქციონირებს რიგი ლაბორატორიები და ვირუსთა შტამების საცავები. ექსპერტთა აზრით, ამერიკული მხარის ეს აქტიურობა უკავშირდება საქართველოში ბიოლოგიური იარაღის სხვადასხვა სახეობის კვლევის, შენახვის, განადგურებისა და შექმნის ობიექტების გაშლის ამოცანას, იარაღის, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს მეზობელი ზოგიერთი ქვეყნის, კერძოდ – ირანის წინააღმდეგ.

დღეს ისტორიული დღეა! საბჭოთა კავშირს არასოდეს ჩაუდია მსგავსი ინვესტიციები საქართველოში“. ისინი ძალიან ფრთხილობდნენ, რომ ეს ჩვენთვის მისაწვდომი არ გამხდარიყო! ზოგიერთი ამბობსრა განსხვავებაა რუსეთსა და აშშ- შორისო?! აი, რაშია ეს განსხვავება!“ – გაახარა მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმული სენატორი ტელეკამერების წინაშე თავისი გამოსვლით, და ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სიმართლეს ამბობდა!

სააკაშვილი მართალია – ეს მართლაც ისტორიული დღე იყო, მაგრამ არა დიდგორის ბრძოლის 891-ე წლისთავის ისტორიული მიზეზით: საქართველომ გუშინ არდაბრუნების წერტილი გადალახა (ასე უწოდებენ პილოტები აფრენის ფაზას, რომელშიც აფრენის გაუქმება და თვითმფრინავის უკან დაბრუნება უკვე აღარ შეიძლება) და აშშ- მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველოში სამუდამოდ მოვიდა! საქართველოში განთავსებული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების მსგავს კაპიტალურ სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებს ხომ საზღვარგარეთ ტყუილუბრალოდ არ აშენებენ და მილიარდობით დოლარს ქარს არ ატანენ, და სასიკვდილო-სახიფათო ობიექტების საკუთარ ტერიტორიაზე, ამერიკაში განლაგება კი საშიშია: დივერსიის ან ტერაქტის შემთხვევაში სასიკვდილო-სახიფათო ვირუსები მყისიერად გავრცელდება ქვეყანაში და ჯერ კიდევ შეუსწავლელი ბაქტერიებისაგან საშინელ ეპიდემიებს გამოიწვევს!

სააკაშვილი მართალია – საბჭოთა კავშირს არასოდეს ჩაუდია მსგავსი ინვესტიციები საქართველოში! სსრკ-ის დროს საქართველოში ქარხნები და ფაბრიკები შენდებოდა, ხოლო საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე №1 2004 წლიდან დღემდე მხოლოდ იარაღის მოწოდებითა და საქართველოში სამხედრო ობიექტების მშენებლობით არის დაკავებული...

მაგრამ დღეს მთელი ეს საუბრები ზედმეტია, “არდაბრუნების წერტილი” საქართველომ უკვე გაიარა: თავდაპირველად აშშ-თან პარტნიორობის მსხვერპლი ქართველი ჯარისკაცები გახდნენ ერაყსა და ავღანეთში, ახლა კი, ლაბორატორიაზე განხორციელებული დივერსიის, ტერაქტის ან, თუნდაც, შემთხვევითი „ჩპ“-ს შედეგად, ვირუსის შტამის გაჟონვის მსხვერპლი შეიძლება გახდეს არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ რეგიონის ქვეყნების – აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანის, რუსეთის...”