საზოგადოება
საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. 30 აპრილს ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან.
ირაკლი ალასანიამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ნატოში გაწევრიანების აქტიური მხარდაჭერისათვის. ასევე, თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.შეხვედრაზე განხილულ იქნა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის პოლიტიკა რეგიონში. ირაკლი ალასანიამ ხაზი გაუსვა აშშ-სა და ევროპის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისა და არსებული გამოწვევების გამკლავებისათვის. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვას. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებისა და ამ კუთხით აშშ-ის აქტიური მხარდაჭერის აუცილებლობას.
საუბრისას მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ავღანეთში ნატოს ISAF-ის მისიაში კონტრიბუციისათვის.