აქტუალური
საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. ირაკლი ალასანიას აშშ-გერმანიის მარშალის ფონდის პრეზიდენტმა კარენ დონფრიდმა უმასპინძლა.
თავდაცვის მინისტრმა მარშალის ფონდის ხელმძღვანელს საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნო და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრას ასევე, დაესწრნენ მარშალის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ივან ვეივოდა და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტსაც ეწვია.შეხვედრა გაიმართა ინსტიტუტის დირექტორთან და გამგეობის თავმჯდომარესთან სტეფან ჰედლისთან.
ირაკლი ალასანიამ ორხმრივი შეხვედრა გამართა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტ მარკ გრინთან. მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ინსტიტუტის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში დემოკრატიის კუთხით მიღწეულ პროგრესზე.
„საქართველო წარმატებული ისტორიის თვალსაჩინო მაგალითია. წინ დიდი გზაა, რათა საქართველომ სრულყოფილ დემოკრატიას მიაღწიოს. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა. IRI ამაყობს საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით და იმედოვნებს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დემოკრატიას საქართველოსა და მთელ რეგიონში ნათელი მომავალი ექნება“, - განაცხადა მარკ გრინმა.