საზოგადოება
საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის არც ერთი ნორმა არ იქნება ეკლესიის საწინააღმდეგოდ გამოყენებული, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„აქ არავითარ ერთსქესიანთა ქორწინებაზე საუბარი არ არის. კანონპროექტში არის პირდაპირ ჩანაწერი, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება აღიარებულია და არც ერთი ეს ნორმა, რომელიც ამ კანონპროექტში წერია, არ იქნება ეკლესიის საწინააღმდეგოდ გამოყენებული. ეს არასწორად გავრცელებული ინფორმაციები დღეს ამ შეხვედრაზე სასულიერო პირებთან ერთად კიდევ უნდა განვიხილოთ”, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში გუშინდელი განხილვის შემდეგ ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ჩამონათვალი - სასკოლო დაწესებულებებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში დაუშვებელია დისკრიმინაცია, - კანონპროექტიდან ამოიღეს. აღნიშნული საპატრიარქოს მოთხოვნას წარმოადგენდა.