პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პარტიას სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება მიეცეს“

1NDI-pol-2საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პარტიას სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება მიეცეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა NDI-ს დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრის ძირითადი თემები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება, პოლიტიკური სუბიექტების აქტივობა და საარჩევნო გარემო იყო.

პრემიერმა დელეგაციას ინფორმაცია საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებითაც მიაწოდა და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

NDI-ს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი, აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი წევრი და NDI–ს ბორდის წევრი სემ გეჯდენსონი, არჩევნებისა და დემოკრატიის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი რობერტ ადამსი, NDI-ს ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო, NDI-ს საქართველოს ოფისის საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი ნინო ვარდოსანიძე და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია, 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ არსებული გარემოს შეფასების მიზნით, საქართველოს 27 აპრილს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს მართავს ხელისუფლებასთან, არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.