პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი ამერიკაში მიდის

washingtonოპოზიციონერი ლიდერები ამერიკაში ვიზიტებით ერთმანეთს ეჯიბრებიან. ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძის შემდეგ ამერიკაში ვიზიტს ირაკლი ოქრუაშვილი გეგმავს.
ამ დრომდე ოქრუაშვილს არც ევროპაში და არც ამერიკაში ოფიციალურ პირებთან შეხვედრები არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის ექსმინისტრი, კარგა ხანია, პარიზში ცხოვრობს, ოქრუაშვილის პოლიტაქტიურობა მხოლოდ ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა-მოკითხვით შემოიფარგლება.

როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ირაკლი ოქრუაშვილი ამერიკის კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრას, კარგა ხანია, ცდილობს, თუმცა ამას ამ დრომდე ვერ მიაღწია.
სანდო წყარო იმასაც ირწმუნება, რომ ამ დღეებში ირაკლი ოქრუაშვილს რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენი შეხვდება, რასაც „ქართული პარტია“ საკმაოდ კარგად დააპიარებს.
პიარის ტექნოლოგია „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ეროსი კიწმარიშვილმა კარგად იცის და, თუ რომელიმე კონგრესმენი ოქრუაშვილს თუნდაც ხელს ჩამოართმევს, ეს სათანადოდ იქნება აფიშირებული.
კონკრეტულად როდის ჩავა ოქრუაშვილი ვაშინგტონში, ჯერჯერობით უცნობია, სამაგიეროდ ცნობილია, რომ 24 ნოემბერს დაგეგმილია „ქართული პარტიის“ ყრილობა, სადაც პარტიულ სტრატეგიასა და ორგანიზაციულ საკითხებზე იქნება საუბარი.