პოლიტიკა
საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. ყველას მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთოთ რათა ჩვენი საზოგადოების ყველაზე თვალსაჩინო და პატივსაცემი პირის, პატრიარქის ნერვიულობა შეწყდეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, უნდა შეწყდეს პატრიარქის სახელის მოხსენიება იქ, სადაც სრულებით სხვა ტიპის საკითხები განიხილება.„ყველას მოვალეობაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეწყდეს საზოგადოების ყველაზე თვალსაჩინო და პატივსაცემი პირის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნერვიულობა, მისი სახელის მოხსენიება იქ, სადაც აბსოლუტურად სხვა ტიპის საკითხები განიხილება. რადგან როგორც საერო ხელისუფლებას, გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, ეკლესიას – თავისი. დღეს საქართველოს ეკლესია და სახელმწიფო ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებში არის აბსოლუტურად ერთსულოვანი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში გუშინდელი განხილვის შემდეგ ცვლილებები შევიდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ მესამე მუხლიდან ამოღებული იქნება ჩამონათვალი. კერძოდ, ჩამონათვალი- სასკოლო დაწესებულებებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში დაუშვებელია დისკრიმინაცია, კანონპროექტიდან ამოიღეს. აღნიშნული საპატრიარქოს მოთხოვნას წარმოადგენდა.