რელიგია
დეკანოზი დავით ქვლივიძე: „ანტიდისკრიმინაციული პაკეტის მიღებით აფხაზეთს და ე.წ. სამხეთ ოსეთს საბოლოოდ დავკარგავთ“

1dekanoziსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. დეკანოზი დავით ქვლივიძე დარწმუნებულია, რომ ანტიდისკრიმინაციული პაკეტის მიღებით საქართველო აფხაზეთს და ე.წ. სამხეთ ოსეთს საბოლოოდ დაკარგავს.

"მოგვიწევს პასუხისგება ღმერთის, ხალხის, ქვეყნის წინაშე. აჩქარებული და დაუფიქრებული ნაბიჯებით ევროპისკენ კი არ წავალთ, არამედ ქვეყანას დავშლით. ამ კანონით შეიძლება აფხაზები და ოსები საბოლოოდ დავკარგოთ. ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, რომ ამ კანონის გამო საქართველოსთან არ იყვნენ, რადგან კავკასიური ტრადიციის ხალხია", – განაცხადა დავით ქვლივიძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტს კანონპროექტის განხილვის გადადების თხოვნით მიმართა.

"ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კონსტიტუციაში არარსებული ცნებების "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით. ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად", - აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.