საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. “ლატარიაში მერგო!” (ქალაქური ფოლკლორი) - ასე ამბობენ თბილისელები, როდესაც უეცრად უსიამოვნო გარემოებებში ხვდებიან, საიდანაც თავის დაღწევა იოლი არ არის. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი საზოგადოება თვალს ადევნებს მძაფრსიუჟეტიან ამბავს, რომელიც ჩვენ წინაშე არა დეტექტიურ სერიალში, არამედ რეალურ ცხოვრებაში ვითარდება.
ქართველ ჟურნალისტ სოფო ყარალაშვილს, რომელმაც ლატარიაში ჯეკპოტი - ნახევარი მილიონი, უფრო ზუსტად კი 561 176 ლარი მოიგო, შსს-მ და პროკურატურამ ჯგუფურ თაღლითობაში დასდეს ბრალი და სამართალში მისცეს. ამიტომ დღეს სოფო, რომლის ქართული ოცნება ახდა, იმის ნაცვლად, რომ, მაგალითად, კანარის კუნძულებზე ნებივრობდეს, გაფაციცებით აგროვებს 15 ათას ლარს, რომ გირაო შეიტანოს და მომდევნო სასამართლო სხდომამდე ციხეში არ აღმოჩნდეს.ჟურნალისტი ყარალაშვილი ბევრ ქართულ მედია საშუალებაშია ნამუშევარი, რომლებსაც ეს სკანდალი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ, მაგრამ მთავარი შეკითხვები არ დასვეს, რომლებზეც პასუხს არა მარტო სოფო და მისი ოჯახი, არამედ მთელი ქართველი საზოგადოება ელოდება, რომელსაც, პირდაპირ ვთქვათ, არასოდეს ჰქონია დიდი ნდობა არც ლატარიის კომპანიების, არც სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.
ამ უკანასკნელებს რაც შეეხება - საქინფორმს დიდი ხანია იმედი გადაეწურა, რომ სააგენტოს და მისი მთავარი რედაქტორის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები გაიხსნება და დამნაშავეები დაისჯებიან. მაგრამ ჩვენს რედაქციას და ჟურნალისტთა კოლექტივს იმედი ჰქონდა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოში პოლიციის და პროკურატურის მხრიდან საფრთხე არავის ემუქრება, ჟურნალისტებსა და მათ საქმიანობაზე რომ არაფერი ვთქვათ. ნუთუ ვცდებოდით?!
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქინფორმი აცხადებს:
1. ჟურნალისტი სოფო ყარალაშვილი უაღრესად განათლებული პროფესიონალი ჟურნალისტია. ის კოლექტივში პატივისცემით სარგებლობს თავისი პირადი თვისებების - პატიოსნების, გაბედულების, სიკეთის და სამართლიანობის, აგრეთვე, საკუთარი ღირსების რამდენადმე გადაჭარბებული გრძნობის გამო. თუ თაღლითობაში და გამყალბებელთა ჯგუფთან დანაშაულებრივ გარიგებაში ბრალდება არ დადასტურდება, რით აანაზღაურებენ სახელმწიფო და “საქართველოს ლატარიის კომპანია” მორალურ ზიანს და ჟურნალისტი ყარალაშვილის საქმიან რეპუტაციას, მის მიერ მოგებული ფულის გადახდის გარდა?
2. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც დაპატიმრებული კომპიუტერული გენიოსი, რომელმაც ვითომდა მომგებიანი ნომრების გამოცხადების შემდეგ საიტი გატეხა და იქ უკანა რიცხვით დაარეგისტრირა ციფრების ეს კომბინაცია, ციხეში ზის. სად არის გარანტია, რომ ამ ხნის განმავლობაში იქ ის ქართული ციხეებისთვის ჩვეული მეთოდებით არ დაამუშავეს და ჩვენებას არ შეცვლის - “აღიარებს”, რომ სოფოს არა მარტო იცნობდა, არამედ მისი ფანიც იყო, ეთაყვანებოდა მას, როგორც “ოქროსხელება სონიას”?
3. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც გამომძიებლების მიერ სოფოსაგან ამოღებული მომგებიანი ლატარიის ბილეთი შსს-შია - ვითომდა ნამდვილობის გასარკვევი ექსპერტიზისთვის. სად არის გარანტია, რომ შსს-მ ერთი კვირის განმავლობაში ვერ მოასწრო ლატარიის ბილეთის მართლაც ყალბი დუბლიკატის დაბეჭდვა, რომელსაც სასამართლოს წარუდგენს? და ვინ არის ეს გენიალური პოლიგრაფისტი - “სოფო-ოქროსხელებას დანაშაულებრივი ბანდის” წევრი, რომელმაც 18 აპრილს, გათამაშების შემდეგ, რამდენიმე საათში დაბეჭდა “ყალბი” მომგებიანი ბილეთი?
4. სოფო ყარალაშვიდმა საკუთარი ხელით შეიძინა, შეავსო და ჩააბარა ლატარიის ბილეთი წერეთელზე მდებარე საგაზეთო ჯიხურში. წინასწარ საიდან უნდა სცოდნოდა მომგებიანი ციფრები, თუკი დაპატიმრებულმა ჰაკერმაც კი ისინი მხოლოდ გათამაშების შემდეგ შეიტყო? ესე იგი, გათამაშება პირდაპირ ეთერში კი არ მიმდინარეობს, არამედ წინასწარ ფარულად იწერება, რაშიც უბრალო ადამიანები ყოველთვის დარწმუნებული იყვნენ?!
5. იყო თუ არა ნებაყოფლობითი საქველმოქმედო გადარიცხვები “საქართველოს ლატარიის კომპანიის” ლატარიაში მოგებული იმ 300 მილიონი ლარიდან, თუ ისინი ზეწოლის ქვეშ - შსს-სთან გასაუბრების შემდეგ ხორციელდებოდა? და ხომ არ ყოფილა “ქველმოქმედების” ადრესატებს შორის ძალოვანი სტრუქტურების სპეცანგარიშები, რაც საქართველოს წინა ხელისუფლების ხელწერა გახლდათ?
საქინფორმი წინასწარ არაფერს ამტკიცებს და აპრიორი არავის ადანაშაულებს, თუმცა უკვე ამ ეტაპზე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ბევრ დარღვევას ხედავს!
საქინფორმს სურს, მის მიერ ზემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებზე სანდო პასუხები მოისმინოს, რათა ქართველ საზოგადოებას ეჭვი გაეფანტოს, რომ ეს დაკვეთა იყო - თითქოსდა ,საქართველოს ლატარიის კომპანიის” წილები “ნაციონალებისგან” ახალ ხელისუფლებთან გადავიდა, რომლებმაც ნახევარი მილიონის გადახდა არ ინებეს და მთელი ეს სცენარი ამისათვის გამოიგონეს.
და მართლაც, განა შსს ასე შეშფოთდებოდა, თუ ეს ნახევარი მილიონი თავისი ჯიბიდან, მაგალითად, დავით კეზერაშვილს უნდა გადაეხადა?