საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. 15 000-ლარიანი გირაო მოგებული ნახევამილიონიანი ჯეკპოტის ნაცვლად - ლატარიის კომპანიის გათამაშებაში გამარჯვებულს პროკურატურა კიბერდანაშაულში სდებს ბრალს. საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის ადვოკატი კი ლატარიის კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებს (იხ. ვიდეო).
„მომილოცეს, პრეზენტაციაზე დამიბარეს, ალა ფურშეტისთვის ვემზადებითო და აღმოვჩნდი მოდულის შენობაში. მე ვაპირებ მოვითხოვო ჩემი კუთვნილი ფული და ჩემს ადვოკატებთან ერთად აუცილებლად ვიბრძოლებ ბოლომდე“, - აცხადებს ყარალაშვილი.თავის მხრივ, შს სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ფოსტის თანაშრომელმა დავით იაშვილმა, რომელიც უკვე დაკავებულია, ლოტოს ყალბი მომგებიანი ბილეთი შექმნა და ის სოფო ყარალაშვილს გადასცა.
„დადგინდა, რომ დავით ი. მოქმედებდა მოქალაქე სოფიო ყ.-სთან წინასწარი შეთანხმებით. დავით ი.-ს მიერ დამზადებული ყალბი მომგებიანი ბილეთი სოფიო ყ-მ გამოიყენა 561 176 ლარის ოდენობის ჯეკოპოტის თაღლითურად დაუფლების მიზნით“, - განაცხადა შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.
შსს-ს ბრალდებებს ლატარიის კომპანიის ფინანსურ პრობლემებს უკავშირებს დაკავებული დავით იაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა.
„მე ვფიქრობ, რომ ლატარიის კომპანიას აქვს ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემა და კეთილი ინებოს კოპანიამ, თავად მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა“, - აღნიშნავს ირმა ჭკადუა.
27 აპრილს სასამართლომ სოფო ყარალაშვილის საქმე პირველად განიხილა. ბრალდებული სასაართლო დარბაზიდან 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნულ საქმეზე შემდგომი პროცესი 6 ივნისს გაიმართება.