საზოგადოება
სოფო ყარალაშვილი: "პროკურორმა, - ინტელექტუალია ეს გოგო და აუცილებლად უნდა დავაპატიმროთო"

sopioსაქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. ჟურნალისტ სოფო ყარალაშვილს, რომელმაც ლატარეაში ჯეკ-პოტი მოიგო და თაღლითობაში დაადანაშაულეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 15 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც სოფომ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, მორიგი სასამართლო სხდომა 6 ივნისს გაიმართება.

„პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ჩემს დაპატიმრებას ითხოვდა. პროკურორმა ისეთი ფრაზა თქვა, დარბაზში ყველას სიცილი წასკდა. მისი თქმით, ჩემი დარბაზიდან განთავისუფლება იმიტომ არ შეიძლებოდა, რომ ინტელექტუალი ვარ და შესაძლოა გარეთ გასვლის შემთხვევაში რამე მოიფიქროსო. მოსამართლემ უპასუხა, რომ ამის გამო ციხეში არავის სვამდნენ. ამჯერად საქმეზე მეტის თქმის უფლება არ მაქვს. ველოდები მორიგ სასამართლო პროცესს. ვაპირებ ჩემი სიმართლისთვის ბოლომდე ვიბრძოლო", - განაცხადა მან.

ჟურნალისტი მოგებული  561 176 ლარის ოდენობით ჯეკ-პოტის გადახდას ითხოვს. მან „საქართველოს ლატარიის" ბილეთი 18 აპრილს წერეთლის გამზირზე ბანკ „რესპუბლიკის" წინ იყიდა. როცა გაიგო რომ თანხა მოიგო, დარეკა საქართველოს ლატარიის კომპანიაში, სადაც დაუდასტურეს, რომ მოგებული ჰქონდა ჯეკპოტი.

შეგახსენებთ, სოფო ყარალაშვილმა ლატარეაში ჯეკ-პოტი მოიგო, თუმცა თაღლითობაში დაადანაშაულეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 15 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.