ქართული წყვილის ავსტრიული ვერცხლი
ელისონ რიდმა და ოთარ ჯაფარიძემ გრაცის ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავეს. ავსტრიის ქალაქ გრაცში დასრულებულ ლეო შეუს 37-ე მემორიალზე ელისონ რიდისა და ოთარ ჯაფარიძის ქართულმა წყვილმა ჩინებულად იასპარეზა და ყინულზე ცეკვის ტურნირში ვერცხლის მედლები მოიპოვა.
შეჯიბრში სულ 11 წყვილი გამოვიდა, რომელთაგან საუკეთესო შედეგი (121.52 ქულა) ბრიტანელებს (ვალდენი-ედვარდსი) აღმოაჩნდათ, ქართველებმა კი შეჯიბრის ორივე დღეს სტაბილურად იასპარეზეს და 119.43 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს.
ცნობისთვის, მარტის ბოლოს იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე რიდისა და ჯაფარიძის წყვილი, სავალდებულო და ორიგინალური პროგრამების შემდეგ, 21-ე საფეხურზე აღმოჩნდა და ფინალამდე ერთი ადგილი დააკლდა.