სამართალი
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებულია

telekompania-tanamgzavri„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს თელავის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე .
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ ფშაველში, ნათესავის ქორწილში მყოფ თელავის ტელევიზიის დირექტორს ენრი კობახიძეს სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცერი გელა ჭვრიტიძე თავს დაესხა და ფიზიკური ზიანი მიაყენა. ენრი კობახიძემ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებთან საუბარში დაადასტურა, რომ თავდასხმამდე ჭვრიტიძე მასზე ზეწოლის მოხდენას და ტელეკომპანიის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას სხვადასხვა ფორმით ცდილობდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის დირექტორზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არაერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა, შს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ თავდასხმის ფაქტის თვითმხილველები“,-განაცხადეს ორგანიზაციაში.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას მოუწოდებს, პირად კონტროლზე აიყვანოს საქმის გამოძიება და უზრუნველყოს ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორის სიცოცხლის უსაფრთხოება.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ასევე მოუწოდებს, საქართველოს სახალხო დამცველს, მედიას და საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, დამოუკიდებელი მედიასაშუალების ხელმძღვანელის დაჭრის ფაქტზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ.