აქტუალური
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ერეკლე კოდუას ბრალი წარედგინა

erekleსაქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. 24 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს.

“2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა ვალერი გელაშვილის ინტერვიუ, სადაც მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრებისა და პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის დეტალებზე ისაუბრა.

აღნიშნულის გამო შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი  სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლების მონაწილეობით დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა დანაშაულებრივ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

2005 წლის 14 ივლისს ერეკლე კოდუას დავალებითა და გია სირაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად და  დაუწყეს იარაღის კონდახებით  სასტიკად ცემა, რის შედეგად გელაშვილმა მიიღო ქალა-ტვინის ტრავმა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები ცხვირის და შუბლის არეში, ასევე, ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა.

ე. კოდუას და გ. სირაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თოთხმეტ წლამდე ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის სპეციალურ განცხადებაში.