საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია საბერძნეთში, ქალაქ პატრასში ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამო დააკავეს. მას თან 20 000 ევრო და 10 000 დოლარი აღმოაჩნდა.
„ბატონი ახალაია დააკავეს 27 მარტს, ქალაქ პატრასში. იგი ქვეყნის დატოვებას იტალიის მიმართულებით, ყალბი პასპორტის გამოყენებით, ოთარ ურუშაძის სახელით გეგმავდა. დაკავების შემდეგ სასამართლომ მას 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ორი დღის წინ დადგინდა, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი დავით ახალაიაა. მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მის ექსტრადიციას ითხოვს. ამ საკითხის განხილვა 15 დღის ვადაში უნდა მოხდეს“, - განაცხადა ახალაიას ინტერესების დამცველმა საბერძნეთში, ადვოკატმა ალექსანდროს პაპასტერიოპულოსმა.
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი კი მისი კლიენტის დაკავების ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ დათა ახალაია პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მიზნით საბერძნეთის პოლიციას თავად ჩაბარდა.
„დავით ახალაიას მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა. ასევე პოლიტიკური დევნა ხორციელდება ახალაიას ოჯახის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მიმართ. ამიტომ ახალაიამ მიიღო გადაწყვეტილება და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანას, კერძოდ, საბერძნეთს მიმართა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.