აქტუალური
საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა და „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე თომას მელიას და აშშ-ის დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი გაიმართა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე და არსებულ საარჩევნო გარემოზე.„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ლიდერებმა აშშ-ის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია იმ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდში. განსაკუთრებით გახშირდა სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. ოპოზიციისთვის ასევე უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს მედია-თანაბრობა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, სადაც არასაპარლამენტო პარტიებს დიდი პრობლემები ექმნებათ.
აშშ-ის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე ყურადღებას გაამახვილებენ. აშშ მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების და ცვლილებების პროცესს. თომას მელიამ იმედი გამოთქვა, რომ დაგეგმილი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.