საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ფოთში თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა აშენდება. პროექტს განახორციელებს კომპანია ,,ლიდერ ცემენტი“ ფრანგულ კომპანია LAVARGE-თან თანამშრომლობით, რომლის აღმასრულებელ დირექტორს ბრუნო ლაფონტს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წელს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.
აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო, გუშინ თბილისში გაიმართა.ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იქნება.
პრემიერის განმარტებით, სამშენებლო კომპანიებს საშუალება მიეცემათ, მშენებლობის დროს გამოიყენონ ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის ცემენტი და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული იმპორტზე, ასევე, რეგიონში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
„ლიდერ ცემენტის“ და კომპანია LAFARGE-ს ერთობლივი პროექტის თანახმად, ფოთში 40 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა შენდება, რომლის წარმოების დადგმული სიმძლავრე წელიწადში 250 000 ტონა ცემენტი იქნება. მშენებლობაზე 40 ადამიანი მუშაობს, ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი 50 ადგილობრივი დასაქმდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა პირველი ეტაპისთვის 10 მილიონი აშშ დოლარია.