სამართალი
შსს-მ კიბერდანაშაულის ფაქტი გამოავლინა

kiberdanaSauli-samart-2საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ფულადი თანხის ფარულად დაუფლებაში ამხილეს და ბრალი წარუდგინეს 1989 წელს დაბადებულ ბაჩუკი ღ-ს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მარტამდე ონლაინ კაზინო „ლიდერბეთის“ მომხმარებლის სახელებს შემთხვევით ირჩევდა და პაროლის სხვადასხვა კომბინაციის შეყვანით მომხმარებლის ანგარიშზე უნებართვო ავტორიზაციას გადიოდა.

ბრალდებული უკანონოდ მოპოვებულ ანგარიშებს პაროლებს უცვლიდა და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა ანგარიშზე არსებულ თანხებს. შემდეგ იგი ინტერნეტ-კაფეში უცნობ პირებს წინასწარ უთანხმდებოდა და სთხოვდა, მასთან ეთამაშათ და მოეგოთ, ხოლო მოგებული თანხა „ლიდერბეთის“ სალაროებში გაენაღდებინათ და განაღდებული თანხა მისთვის გადაეცათ.

ბრალდებულმა აღნიშნული მეთოდით „ლიდერბეთის“ 411 მომხმარებლის ანგარიშზე შეაღწია უკანონოდ და 22 მომხმარებლის ანგარიშზე არსებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

ბაჩუკი ღ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს ქურდობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1 ნაწილით).