გამოძიებამ დაადგინა, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დარეკა მოქალაქემ, რომელმაც ოპერატორს აცნობა, რომ ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოძრაობდა ავტომანქანა, რომლის მძღოლს – ტარიელ გ-ს ავტომობილის სალონში ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა შენახული. საპატრულო პოლიციამ მიღებულ ინფორმაციაზე ოპერატიულად მოახდინა რეაგირება და მითითებული ავტომანქანა შემოწმების მიზნით გააჩერა. სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკისას გამჭვირვალე სითხით სავსე მინის ქილა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 7,2 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 0,133 გრ ეფედრინსა და 0,0119 გრ მორფინს შეიცავს.
სამართალდამცველებმა „112“-ში განხორციელებული ანონიმური ზარის ავტორის ვინაობა დაადგინეს. იგი 1968 წელს დაბადებული მერაბ დ. აღმოჩნდა, რომელსაც ტარიელ გ-სთან ვალის გამო კონფლიქტი ჰქონდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მერაბ დ-მ ანგარების მიზნით ტარიელ გ-ს მანქანაში ნარკოტიკი ჩაუდო და შემდეგ ცრუ დასმენა განახორციელა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და ანგარების მიზნით დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 373-ე მუხლის მე-3 ნაწილით).