საზოგადოება
სააკაშვილი: „გაფრთხილება იყო, რომ თუ ჩემ წინააღმდეგ საქმე აღიძვრებოდა, პირადად ივანიშვილს დაუწესებდნენ სანქციებს“

MiSa-saz-3საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ საქმე აღიძვრება, აშშ ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს.

“ბოლოს, როცა აღძრეს საქმე, გახსოვთ, ალბათ, ჟვანიას საქმე და ა.შ. ყველაფერი იყო ერთი კაცის გაკეთებული, რომელიც ზის სხვა შუშის სასახლეში, სადაც ხალხს არ უშვებენ. ეს თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ახლა კარგად გვაქვს საქმე და თავისი სანუკვარი ოცნებები აესრულებინათ, ის ვალდებულებები, რაც რუსეთთან ჰქონდათ, გაინაღდონ, თავისი პირადი ინსტინქტები დაიკმაყოფილონ, რის შემდეგაც მოხდა ასეთი რამ, თქვეს, რომ ახლავე დავაკავებთ და მერე ეს ყველაფერი უკან წაიღეს. თქვენ გგონიათ, მათში სინდისმა გაიღვიძა და უცებ გონება გაუნათდათ? რა თქმა უნდა, არა. სინამდვილეში იყო ასე, რომ ამერიკის ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა დაურეკა ჩვენს საგარეო მინისტრს, ელჩი მოვიდა წერილით ამერიკიდან და უთხრა, რომ თქვენ ეტყობა, ვერაფერი ვერ გაიგეთ, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი დიდხანს ესაუბრა ღარიბაშვილს, რომ ეს არ გააკეთოს. უთხრეს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან და ეს მთავრობას დაუჯდება ძვირადო. გაფრთხილება იყო არა ღარიბაშვილზე, ან ვიღაც პროკურორზე, უთხრეს, რომ პირადად ივანიშვილს დაუწესებდნენ სანქციებს. ამაზე ევროკავშირის მაღალი დონის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, ეს პრაქტიკა რუსეთის ხელმძღვანელების მიმართ ახლა არსებობს და ივანიშვილი ბევრად ნაკლები სამიზნეა მისთვის და უთხრეს, რომ შენ ანგარიშებს დავაყადაღებთ, სანქციებს დაგიწესებთ, ფრანგულ მოქალაქეობას გადავხედავთ, ვეღარ გადაადგილდები და პრობლემები გექნებაო, ეს იყო მთელი ისტორია”, - განაცხადა სააკაშვილმა.