პოლიტიკა
ბურჯანაძის აზრით, ხელისუფლებას 25 ნოემბრის ეშინია

burjanadze„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის - ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, ხელისუფლებამ ''წარმომადგენლობით სახალხო კრებას'' სპორტის სასახლესა და „ლოკომოტივის“ სტადიონზე უარი პოლიტიკური საბაბით უთხრა.
ბურჯანაძის თქმით, სპორტის სასახლესთან დაკავშირებით პასუხი აბსოლუტურად ცინიკური იყო. „გვითხრეს, რომ პერიოდულად მიმდინარეობს ღონისძიებები და თან რემონტი, რომელიც 30 დეკემბერს დასრულდება“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, კრების საინიციატივო ჯგუფმა მსგავი მიზეზით უარი მიიღო ლოკომოტივის სტადიონზეც, სადაც, თურმე, საფარის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ჩვენ იქ ფეხბურთის სათამაშოდ არ შევდიოდით; მარტივად შეიძლებოდა, საფარზე მოძრაობის გარეშე ჩაგვეტარებინა კრება, მაგრამ ხელისუფლებას ძალიან ეშინია ამ კრების, რისი მანიშნებელიცაა მათი ფარული ტერორი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს სახალხო კრებას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, კრება ისეთ ვითარებაში ჩატარდეს, რომ მიტინგის სახე მიეცეს, თუმცა, როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, მათ იმედები გაუმტყუნდებათ.