გიორგი მარგველაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველო, 24 აპრილი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს
უილიამ ლაჰიუს შეხვდა. უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოება, რეგიონის ქვეყნებს შორის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა იყო.
„დღეს ჩვენ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება, საგარეო პოლიტიკის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. ჩვენ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ეროვნული უშიშროების საბჭოს როლითა და მისი მუშაობით, რადგან საქართველოს წინაშე დღეს დგას დიდი, სტრატეგიული მნიშვნელობის გამოწვევები. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ საქართველოს საშინაო პოლიტიკის, მოახლოებული არჩევნებისა და ნატოს სამიტის შესახებ. ნატო დაინტერესებულია საქართველოში ამჟამად არსებული ვითარებით, რადგან ჩვენ ვემზადებით საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებისთვის. ამ მინისტერიალებზე კი ვადგენთ ნატოს სამიტის დღის წესრიგს. სწორედ ეს საკითხები იყო ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.