საზოგადოება
“ივერიელნი“ მოსკოვში მიემგზავრებიან

anushkaახლადშექმნილი ახალგაზრდული მოძრაობა „ივერიელნის“ წევრები მომავალ კვირას მოსკოვში მიემგზავრებიან და ქართულ დიასპორასთან შეხვდრას გეგმავენ. მოძრაობა კულტურულ ხასიათს ატარებს და პოლიტიკისგან შორსაა. მისი მიზანია, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობის დამყარება.
მომავალში თუ რა გეგმები აქვს ახალგაზრდულ მოძრაობას საქინფორმს მოძრაობა „ივერიელნის“ თავჯდომარე ანა რეხვიაშვილი ესაუბრა. როდის შეიქმნა თქვენი მოძრაობა და რა არის მისი მიზანი?
- ჩემი და ჩემი მეგობრების ინიციატივით, 2010 წლის ზაფხულში ახალგაზრდული საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიელნი“ ჩამოვაყალიბეთ. ორგანიზაცის მიზანი მთელს მსოფლიოში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ურთიერთობის დამყარებაა. გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველობამ იგრძნოს, რომ ჩვენ ისინი გვახსოვს. გვინდა ჩვენმა ემიგრანტებმა არ დაივიწყონ, რომ არიან საქართველოს შვილები, ასევე არ დაივიწყონ ქართული ენა. სამწუხაროდ, ბევრი ქართულად უკვე ვეღარ საუბრობს. ჩვენი მოძრაობის ნიშა სწორედ ისაა, რომ სამშობლოს გარეთ მყოფ ყველა ქართველთან ვითანამშრომლოთ და ერთად შევავსოთ ის ვაკუმი, რომელიც ჩვენს შორისაა.
თქვენი მოძრაობა თუ შეეხება პოლიტიკურ საკითხებს?
- მოძრაობა „ივერიელნი“ არის მხოლოდ კულტურული მოძრაობა, რომელიც არანაირად არ ეხება პოლიტიკას.
რა გეგმები აქვს ახლად შექმნილი ახალგზარდულ მოძრაობას?
- ჩვენი მოძრაობის პირველი პროექტია ვიზიტი მოსკოვში. ხშირად მეკითხებიან, რატომ მაინცდამაინც მოსკოვში? ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. პირველი, დღეს რუსეთში მილიონნახევარი ქართველი ცხოვრობს, ანუ ქართველთა ყველაზე დიდი დიასპორა რუსეთშია. მეორც, მოსკოვის დიპლომატიური აკადემიის სტუდენტი ვარ და მესამე, დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემა ყველაზე აქტუალურია. ამიტომაც დავგეგმეთ მოსკოვში ერთკვირიანი ვიზიტი. ამის შესახებ მივწერეთ რუსეთში ქართულ დიასპორას - ქართველთა კავშირს რუსეთში და მის თავმჯდომარეს - მიხეილ ხუბუტიას. წერილში საუბარი იყო ჩვენი ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ და ასევე თხოვა, რომ ჩვენი ორგანიზაციისთვის ემასპინძლათ. წერილის გაგზავნიდან მალევე გამოგვეხმაურა მიხეილ ხუბუტია და გვითხრა, რომ გველოდებიან და სიამოვნებით გაგვიწევენ მასპინძლობას.
– როდის მიემგზავრებიან მოძრაობის წევრები მოსკოვში და რამდენი ადამიანია დელეგატთა შემადგენლობაში?
– 19 ნოემბერს 15-კაციანი დელეგაცია გაემგზავრება. ესენი არიან ჩვენი მოძრაობის ახალგაზრდა დიპლომატები და ჟურნალისტები. ისინი ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრებს მოაწყობენ.
– კონკრეტულად რა ღონისძიებები იგეგმება ამ ერთი კვირის განმავლობაში და ვის შეხვდებიან დელეგაციის წევრები?
– ჩვენი პროგრამა ძალიან დატვირთულია. პირველ რიგში, იქნება შეხვედრა დიასპორასთან, შემდეგ შევხვდებით რუსეთში მცხოვრებ ახალგაზრდა ქართველებს. იქნება სადისკუსიო კლუბი, სადაც ჩვენ ჩვენსას ვიტყვით, ისინი – თავისას. ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები რუსეთში და რუსი ემიგრანტები - საქართველოში. ასევე დადეგმილია შეხვედრა რუსეთში მცხოვრებ გამოჩენილ ქართველებთან, მაგალითად, ზურაბ წერეთელთან, რომელმაც თავის გალერეაში მიგვიწვია. ჩვენი დელეგაციის წევრები ასევე მოილოცავენ მოსკოვში არსებულ ეკლესია-მონასტრებს. ეს იქნება ერთკვირიანი კულტურული პროგრამა.
– რას მოელით ამ ვიზიტისგან?
– ყველაფერ კარგს, მაგრამ ამაზე უკვე მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ უკეთ გეტყვით.
– რუსეთის შემდეგ, „ივერიელნი“ რომელი ქვეყნის დიასპორასთან აპირებს შეხვედრას?
– ჩვენმა მოძრაობამ მოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებულ ქართულ დიასპორას მიმართა. უკვე პასუხი მოგვივიდა თურქეთის, უკრაინის, ისრაელისა და ინგლისის დიასპორებიდან. ჩვენი ორგანიზაცია რუსეთის შემდეგ უკრაინაში ჩავა და იქაურ დიასპორას შეხვდება. ეს შეხვედრები იქნება პერმანენტული და ჩვენი მოძრაობა ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შეხვდება ყველა ქვეყანაში არსებულ ქართულ დიასპორას.
– როგორც ვიცით, გამგზავრების წინ პრესკონფერენციას გეგმავთ.
– დიახ, ხუთშაბათს, 18 ნოემბერს, „რია ნოვოსტის“თბილისის ოფისში გავმართავთ პრესკონფერენციას და გავახმოვანებთ ჩვენს გეგმებსა და მიზნებს. საზოგადოებას ვეტყვით, რომ ჩვენს ურთიერთობებს, კავშირებსა და შესაძლებლობებს გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მთელს მსოფლიოში.