აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე: “არ შეიძლება საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ხელოვნურად ფორსირება”

Spec-aqtual-3საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში აბაშიძე მოყვა, რომ “16 აპრილს პრაღაში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან მრავალ სხვა თემას შორის საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უმაღლესი პირების შეხვედრის შესაძლებლობასაც”. აბაშიძემ მიუთითა, რომ “ცოტა ხნის წინ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის გამართვისთვის მზადყოფნის შესახებ განაცხადეს”. “ყველას ესმის, რომ ასეთი შეხვედრის ჩასატარებლად აუცილებელია საგულდაგულოდ მომზადება, ამ პროცესის ხელოვნურად ფორსირებას აზრი არა აქვს”, - აღნიშნა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ჟურნალისტებს განუცხადა, აგრეთვე, რომ “რფ და საქართველო ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ კონსულტაციებს ა.წ. აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში გამართავენ”. “რუსეთსა და საქართველოს შორის აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში საავიაციო სამსახურების წარმომადგენელთა შეხვედრა უნდა შედგეს. ეს ჩვენს ინტერესებშია, ტურისტული სეზონი ახლოვდება და რაც მეტი რეისი იქნება, მით მეტი ტურისტი ჩამოვა რუსეთიდან და არა მხოლოდ”, -  განაცხადა აბაშიძემ.