აქტუალური
პუტინი: “ჩვენ იქით დავახრჩობთ ყველას! რისი გეშინიათ? თუ არაფერს გავაკეთებთ, რაღაც დროის შემდეგ ნატოში უკრაინას შეათრევენ და იტყვიან: “ეს თქვენ არ გეხებათ”, - და ნატოს გემები რუსეთის სამხედრო-საზღვაო დიდების ქალაქში - სევასტოპოლში აღმოჩნდებიან!””

aktu-3-putსაქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, რუსეთის “პირველი არხის” ტელეარხების “როსია 1” და “როსია 24”. რადიოსადგურების “მაიაკი”, “ვესტი FM” და “რადიო როსიი” პირდაპირ ეთერში შედგა სპეციალური პროგრამა “პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან”.

საინფორმაციო სააგენტო “რუსეთი დღეს” გენერალური დირექტორის დიმიტრი კისელიოვის შეკითხვას “აი წრე, და მეჩვენება, რომ ჩვენი ქვეყანა ამ წრეში ექცევა. პირადად მე ვგრძნობ, ისეთი სულის ხუთვის შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაც მახრჩობს. ჩემი აზრით, ეს ნატოა, რამდენადაც ბლოკი ნატო ავთვისებიანი სიმსივნესავით იზრდება, და ბოლო 25 წლის განმავლობაში ვარშავის ხელშეკრულებაში ჩვენი პარტნიორები “გადაყლაპა”, მერე - საბჭოთა კავშირის ზოგიერთი ნაწილი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველოზე აქვს ხახა დაფჩენილი და ახლა უკვე უკრაინაზეც. სად არის ეს წითელი ხაზი, არსებობს კი ის?” - რუსეთის პრეზიდენტმა, კერძოდ, უპასუხა:

“ჩვენ იქით დავახრჩობთ ყველას! რისი გეშინიათ? (აპლოდისმენტები) შიში არ გვაქვს, არც მე მაქვს, არც არავის უნდა ჰქონდეს. მაგრამ რეალიებიდან  უნდა გამოვიდეთ. ოდესღაც დაგვპირდნენ, რომ გერმანიის გაერთიანების შემდეგ აღმოსავლეთისკენ ნატოს გაფართოება არ მოხდება... მერე კი მისი გაფართოება დაიწყო ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნების ხარჯზეც, შემდეგ უკვე ბალტიისპირეთის ხარჯზე, საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე. მე თავის დროზე ვამბობდი: “რატომ აკეთებთ ამას, ამისი აზრი რა არის? ამ ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა? ფიქრობთ, რომ მათ ვინმე დაესხმის თავს?” პასუხი: “ეს თქვენ არ გეხებათ. ხალხებს და ქვეყნებს  თვითონ აქვთ უფლება, თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება აირჩიონ”.

...თუ არაფერს გავაკეთებთ, რაღაც დროის შემდეგ, იხელმძღვანელებენ რა ამავე პრინციპებით, ნატოში უკრაინას შეათრევენ და იტყვიან: “ეს თქვენ არ გეხებათ”, - და ნატოს გემები რუსეთის სამხედრო-საზღვაო დიდების ქალაქში - სევასტოპოლში აღმოჩნდებიან. მაგრამ თუ იქ ნატოს ჯარები შევლენ - ისინი კი იქ ამ დამრტყმელ საშუალებებს დააყენებენ - მაშინ ჩვენთვის ამას უკვე გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს: მაშინ რუსეთი, პრაქტიკულად, შავიზღვისპირეთიდან გამოდევნილი აღმოჩნდება. ჩვენ ნაპირის პატარა ნაგლეჯი დაგვრჩება - 450 ან 600 კილომეტრი.

იგივე ხდება, როგორც ახლახან ვთქვი, აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსების საკითხზე ჩვენს მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. ეს არ არის თავდაცვითი სისტემა, ეს მოიერიშე პოტენციალის ნაწილია, რომელიც პერიფერიაზე გაიტანეს. და გვეუბნებიან: “ეს თქვენ წინააღმდეგ არ არის”. მაგრამ, იცით, ექსპერტთა დონეზე ყველას მშვენივრად ესმის, რომ ამ სისტემების განთავსება ჩვენს საზღვრებთან ახლოს ჩვენი მიწისზედა ბაზირების სტრატეგიული რაკეტების პოზიციებს გადაფარავს. იცით, ამერიკელი პარტნიორები უარს ამბობენ ჩვენს წინადადებაზეც კი, ხელი მოაწერონ რაღაც საცოდავ იურიდიულ ქაღალდს, სადაც ეწერება, რომ ეს ჩვენ წინააღმდეგ არ არის, ამ მცირედზეც კი უარს აცხადებენ. ეს გასაკვირია, მაგრამ ფაქტია. და, ბუნებრივია, შეკითხვები გვიჩნდება: “რატომ არ აწერთ ხელს, თუკი მიგაჩნიათ, რომ ეს ჩვენ წინააღმდეგ არ არის?!”